რუსეთი-ბელარუსი

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთსა და ბელარუსს შორის ომის დაწყების საფრთხე არსებობს

ვადიმ პრისტაიკო
UNIAN

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ვადიმ პრისტაიკო ამბობს, რომ ბელარუსსა და რუსეთს შორის ომის დაწყების საფრთხე არსებობს, რადგან მინსკის დამოუკიდებლობის გამო მოსკოვმა შესაძლოა აგრესიულად იმოქმედოს:

"რამდენიმე წლის წინ მე ვესაუბრე რამდენიმე ჟურნალისტს ბელარუსიდან და როდესაც ვუთხარი მათ, რომ თუ სურდათ დამოუკიდებლები დარჩენილიყვნენ, იმავე ომის წინაშე მოუწევდათ დადგომა, იმავე გამოწვევების და ტანჯვის წინაშე, რაც ჩვენ მოგვიწია. მათ ეჭვი გამოხატეს. ალბათ, ახლა ნაკლებად ეპარებათ ამაში ეჭვი. რა თქმა უნდა, კვლავ ვიმედოვნებ, რომ ვცდები. ბელარუსი მშვიდი და მომთმენია. მაგრამ ჩვენც მშვიდები და მომთმენები ვიყავით - და ეს მანამ გრძელდება, სანამ შენს მოკვლას დაიწყებენ. შემდეგ შენც იწყებ მათ მოკვლას. მაშინაც კი, თუ მტერი უფრო ძლიერია. სხვა რა გზა გრჩება?" თქვა მან.

პრისტაიკოს მიაჩნია, რომ ბელარუსს ორი გზა აქვს, იყოს მშვიდი და მომთმენი და დამარცხდეს, ან ახლავე დაიწყოს ბრძოლა.

შეგახსენებთ, რომ ბელარუსი და რუსეთი 2020 წლისთვის ნავთობის მომარაგებაზე ამ დრომდე არ შეთანხმებულან. რუსეთმა ბელარუსს ნავთობის მიწოდება 1 იანვრის შეუჩერა, რაც 4 იანვარს ნაწილობრივ აღდგა.

ბელარუსის მხარე ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთმა ნავთობის სუბსიდიები შეაჩერა და ფასები აწია, ბელარუსმა 2019 წლიდან უკვე 300 მილიონი აშშ დოლარი დაკარგა.

2019 წლის დეკემბერში ინტეგრაციის საკითხზე მოლაპარაკებების გამართვას ბელარუსში წლების განმავლობაში ერთერთი ყველაზე დიდი პროტესტი მოყვა. "ეს არ არის ინტეგრაცია, ეს ოკუპაციაა," - ეწერა ბანერებზე.

პუტინი ბელარუსისთვის ენერგორესურსების მიწოდებას ქვეყნების ინტეგრაციასთან აკავშირებს. მაგალითად, დეკემბრის ბოლოს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის ვერ ხედავდა ბელარუსისთვის გაზის შეღავათიან ფასად მიწოდების არსს მანამ, სანამ ინტეგრაციის პროექტი უფრო წინ არ წავიდოდა.

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს შეხვდა, რომელმაც უთხრა, რომ აშშ მზადაა ბელარუსის ნავთობის საჭიროების 100%-ით უზრუნველჰყოს.

იანვარში ბელარუსმა ნორვეგიისგან ნავთობის შეიძინა. იანვრის ბოლოს მან ასევე აღნიშნა, რომ ბელარუსი რუსული ნავთობის ალტერნატივებს ეძებდა და აშშ-თან, საუდის არაბეთთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან მოლაპარაკებებს აგრძელებდა.

ლუკაშენკოს ნათქვამი აქვს, რომ რუსეთისგან ბელარუსმა თავისი ნავთობის საჭიროების 40%-ზე მეტის იმპორტი არ უნდა განახორციელოს. დანარჩენი ნავთობის რესურსის იმპორტს ბალტიის ქვეყნებიდან და უკრაინიდან განიხილავდა.

14 თებერვალს კი მან თქვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ბელარუსს ნედლი ნავთობის საჭირო მოცულობით არ უზრუნველყოფდა, ბელარუსი ნავთობს ტრანზიტული, დრუჟბას მილსადენიდან მიიღებდა. 

დრუჟბას მილსადენით რუსეთი ბელარუსის ტერიტორიის გავლით ევროპულ ქვეყნებს, მათ შორის გერმანიას და პოლონეთს, დაახლოებით, 1 მილიონი ბარელი რუსული ნავთობით ამარაგებს.

კომენტარები