არჩევნები 2020

ბოკერია თალაკვაძეზე: თან რომ ილანძღება, რა უნდა? თვითონ ააფეთქეს მოლაპარაკება

"ისტერიკაც მინახავს და ისტერიკაც, რამდენჯერ უნდა გაიმეოროს ივანიშვილის კლოუნმა ეს სისულელე" - ასე გამოეხმაურა ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია არჩილ თალაკვაძის განცხადებას, რომ თუ ოპოზიცია მმართველი გუნდის შეთავაზებას არ დათანხმდება მანდატების 100/50-ზე განაწილების შესახებ, ეს იქნება სიგნალი, რომ ისინი მხარს უჭერენ დესტაბილიზაციას და არიან დესტრუქციულები. 

გიგა ბოკერიას თქმით, საზოგადოების დაკვეთა იყო და არის პროპორციული არჩევნები. 

მისი თქმით, ივანიშვილს აქვს ბრიყვული გათვლა, რომ დაჭერებით და მუქარებით ამ არანორმალურ ვითარებაში გადარჩება და ძალაუფლებას შეინარჩუნებს. 

"ივანიშვილი ცდება მწარედ. თუ ის გონს მოეგება, რის ნიშნებსაც ჯერ ვერ ვხედავ, მაშინ მაგიდაზე უდევთ ბევრნაირი კომპრომისული წინადადება, აირჩიონ ნებისმიერი, შეწყვიტონ რეპრესიები, გამოუშვან პოლიტპატიმრები და მერე, შედარებით ნორმალურ ვითარებაში შეეგუონ იმ ვერდიქტს, რაც ექნება ამომრჩეველს.

თან რომ ილანძღება, რა უნდა? თვითონ ააფეთქეს მოლაპარაკება, ივანიშვილმა გადაწყვიტა ეს, იმიტომ, რომ ბრიყვული გათვლა აქვს, შედარებით მშვიდ ვითარებაში წააგებს არჩევნებს. თუ გონს მოეგება, არის კომპრომისები მაგიდაზე და შეუძლია აირჩიოს. შეწყვიტოს პოლიტიკური რეპრესიები, გამოუშვას პოლიტიკური პატიმრები, რომლებიც დაიჭირა ამ ბრიყვული გათვლით, რომ ასე გადარჩება. კი, რა თქმა უნდა, ჩვენ განმუხტვისკენ ვართ მოწოდებული", - ამბობს ბოკერია.  

საქართველოს მთელმა ოპოზიციურმა სპექტრმა ხელისუფლებასთან მოლაპარაკებაზე უარი მას შემდეგ თქვა, რაც 10 თებერვალს უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავას დამატებით 3 წლით და 2 თვით პატიმრობა მიუსაჯა საქმეზე, რომელზეც სასჯელი ერთხელ უკვე მოხდილი აქვს.

ოპოზიციონერი ლიდერების თქმით, ამით ხელისუფლებამ დიალოგის რესურსი ამოწურა.

თუმცა, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტლებამდე, რამდენიმე საათის განმავლობაში, ოპოზიცია არჩევნებთან დაკავშირებით ხელისუფლებისთვის კომპრომისული ვარიანტის შეთავაზებას გეგმავდა - ისინი ფიქრობდნენ, რომ მმართველ გუნდს მანდატების ასე განაწილებას შესთავაზებდნენ - 130 მანდატი პროპორციული წესით, 20 მანდატი - მაჟორიტარულით.

მანდატების 100/50-ზე განაწილება ხელისუფლებამ ოპოზიციას 2019 წლის 20 დეკემბერს, მოლაპარაკების მე-4 რაუნდზე შესთავაზა. ოპოზიციამ მასზე უარი თქვა.

თავის მხრივ, ხელისუფლება უარს ამბობს, არჩევნები ე.წ გერმანული მოდელით ჩაატაროს, რომელიც მაჟორიტარული სისტემაა, მაგრამ მანდატების უფრო სამართლიანად გადანაწილებას გულისხმობს.

მოლაპარაკებები და საარჩევნო სისტემის შესახებ დისკუსია მას შემდეგ დაიწყო, რაც 2019 წლის 14 ნოემბერს ქარულმა ოცნებამ ბიძინა ივანიშვილის მიერ 24 ივნისს გაცემული დაპირება უკან წაიღო და 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ კანონპროექტი ჩააგდო.

გადაწყვეტილებას მოქალაქეების და ოპოზიციის საპროტესტო აქციები, ასევე, დასავლელი პარტნიორების კრიტიკული წერილები მოჰყვა.

კომენტარები