გიგი უგულავას საქმე

ზედელაშვილი: უგულავას საქმეზე თადუმაძის მიუკერძოებლობა საფუძვლიანი ეჭვის ქვეშაა

დავით ზედელაშვილი / დავით ზედელაშვილი

ევროპული საქართველოს გენერალური მდივნის, გიგი უგულავას, დაცვის მხარე უზენაეს სასამართლოში უვადოდ დანიშნული მოსამართლის, შალვა თადუმაძის, აცილებას ითხოვს საქმეზე, რომელზეც გადაწყვეტილებას უზენაესი სასამართლო 10 თებერვალს გამოაცხადებს. 

კონსტიტუციონალისტი დავით ზედელაშვილი ტაბულასთან საუბარში განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლების სტანდარტი მოითხოვს, რომ მოსამართლის მიუკერძოებლობა გონიერი, ობიექტური დამკვირვებლისთვის საფუძვლიან ეჭვს არ უნდა აჩენდეს. 

ამ სტანდარტით კი, ზედელაშვილისვე განმარტებით, მოსამართლე თადუმაძის მოცემულ საქმეში მიკერძოებაზე საფუძვლიანი ეჭვი შეიძლება არსებობდეს. 

"საქართველოს პროკურატურა ცენტრალიზებული სისტემაა, სადაც ყველა ქვემდგომი პროკურორი ზემდგომის ზედამხედველობას ექვემდებარება, ყველა მათგანი კი გენერალური პროკურორისას.

არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მოცემულ საქმეზე გენერალურ პროკურორ თადუმაძეს კონკრეტული გადაწყვეტილებები ექნება მიღებული და გარკვეული წინასწარი პოზიციები ჩამოყალიბებული პროკურორის პერსპექტივიდან. ეს მის მიუკერძოებლობას საფუძვლიან ეჭვქვეშ აყენებს სამართლიანი სასამართლოს უფლების სტანდარტებით,"- განმარტავს კონსტიტუციონალისტი. 

ზედელაშვილის შეფასებით, მოქმედი გენერალური პროკურორის დანიშვნისას უზენაეს სასამართლოში ყოველგვარი დროითი წყვეტის გარეშე ამ კარიერულ პოზიციებს შორის ერთერთი დიდი პრობლემა სწორედ ეს მდგომარეობაცაა. 

"კერძოდ, ბევრი საქმე რომელსაც თადუმაძე, როგორც გენერალური პროკურორი, ზედამხედველობდა ჯერ კიდევ სასამართლო წარმოებაშია და, შესაძლოა, უზენაეს სასამართლომდეც მივიდეს, სადაც ყველა კონკრეტულ შემთხვევაში მისი მიკერძოების პრობლემა წამოიწევს,"- ამბობს დავით ზედელაშვილი. 

შალვა თადუმაძის აცილების შუამდგომლობა უგულავას ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ, 6 თებერვალს დააყენა. მიზეზად ბასილაია იმ ფაქტს ასახელებს, რომ შალვა თადუმაძე გიგი უგულავას წინააღმდეგ სააპელაციო სასამართლოში ამ საქმის მიმდინარეობისას და ასევე საკასაციო საჩივრის მომზადების დროს გენერალური პროკურორის თანამდებობას იკავებდა. 

გიგი უგულავას პროკურატურა მერობის პერიოდში თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვას ედავება.

2018 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ უგულავას თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა, სხვა საქმეზე გამოტანილმა განაჩენმა ახალი განაჩენი შთანთქა და როგორც საქალაქო სასამართლომ, ისე სააპელაციო სასამართლომ უგულავას სასჯელი მოხდილად ჩაუთვალა. 

უზენაეს სასამართლოში საქმის განხილვა ოპოზიციის მწვავე პროტესტისა და აქცია-პიკეტების ფონზე განახლდა.

უგულავას დაცვის მხარე ეჭვობს, რომ 10 თებერვალს უზენაესი სასამართლო უგულავას თავისუფლების აღკვეთას მიუსჯის. 

კომენტარები