გიგი უგულავას საქმე

უგულავას დაცვის მხარე საქმეზე მოსამართლე შალვა თადუმაძის აცილებას ითხოვს

ტაბულა

ევროპული საქართველოს გენერალური მდივნის, გიგი უგულავას, დაცვის მხარე საქმეზე, რომელზეც გადაწყვეტილებას უზენაესი სასამართლო 10 თებერვალს გამოაცხადებს, მოსამართლე შალვა თადუმაძის აცილებას ითხოვს და შესაბამისი შუამდგომლობა უკვე დააყენა. 

ამის შესახებ ბექა ბასილაიამ უზენაეს სასამართლოსთან გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და აცილების მიზეზად ის დაასახელა, რომ შალვა თადუმაძე გიგი უგულავას წინააღმდეგ სააპელაციო სასამართლოში ამ საქმის მიმდინარეობისას და ასევე საკასაციო საჩივრის მომზადების დროს გენერალური პროკურორის თანამდებობას იკავებდა.

"შალვა თადუმაძე გენერალური პროკურორობის დროს ფაქტობრივად ზედამხედველობას უწევდა საქმეს, რომელსაც დღეს იხილავს, როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. ნებისმიერი ობიექტური ტესტით ის ვერ იქნება მიუკერძოებელი მსაჯული უგულავას საქმის განხილვისას,"- ამბობს ბექა ბასილაია. 

გიგი უგულავას პროკურატურა მერობის პერიოდში თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვას ედავება.

2018 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ უგულავას თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა, სხვა საქმეზე გამოტანილმა განაჩენმა ახალი განაჩენი შთანთქა და როგორც საქალაქო სასამართლომ, ისე სააპელაციო სასამართლომ უგულავას სასჯელი მოხდილად ჩაუთვალა. 

უზენაეს სასამართლოში საქმის განხილვა ოპოზიციის მწვავე პროტესტისა და აქცია-პიკეტების ფონზე განახლდა.

უგულავას დაცვის მხარე ეჭვობს, რომ 10 თებერვალს უზენაესი სასამართლო უგულავას თავისუფლების აღკვეთას მიუსჯის. 

კომენტარები