კორონავირუსი

გამყრელიძე: ჩინეთის მონაცემებით, კორონავირუსით დაიღუპა 361 ადამიანი, გამოჯანმრთელდა მეტი - 475

ამირან გამყრელიძე
NCDC

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამბობს, რომ ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსი არ დაფიქსირებულა და ქვეყანა დაბალი რისკის ჯგუფშია.

ამირან გამყრელიძემ ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრსა და ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციებზე დაყრდნობით, კორონავირუსით დაავადებულთა, გარდაცვლილთა და გამოჯანმრთელებულთა სტატისტიკაზეც ისაუბრა.

მისი თქმით, დღევანდელი, 3 თებერვლის დილის მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსის 17 205 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა. გარდაცვლილია 361 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელებული უფრო მეტი - 475.

გარდა ამისა, არის შესაძლო 5000 შემთხვევაა დაფიქსირებული და დაკვირვების ქვეშ იმყოფება კონტაქტში მყოფი 21 500 ადამიანი.

ამირან გამყრელიძის თქმით, ჩინეთიდან ინფექციის ექსპორტი დაახლოებით 25 ქვეყანაში მოხდა და გუშინდელი ინფორმაციით, ამ ქვეყნებში ჯამში 157 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან, ყველაზე მეტი იაპონიაში.

ჩინეთს გარეთ კორონავირუსით გარდაცვალების ერთი შემთხვევაა. როგორც ამირან გამყრელიძემ თქვა, ფილიპინებში გარდაიცვალა ადამიანი, რომელიც მანამდე ჩინეთში იმოფებოდა.

დაავადებათა კონტროლის ცენტის დირექტორი სხვადასხვა ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების შესახებ მის ხელთ არსებულ სტატისტიკასაც ავრცელებს:

  • იაპონია - 20
  • ტაილანდი - 19
  • სინგაპური - 18
  • ტაივანი - 11
  • მალაიზია - 8
  • სამხრეთ კორეა - 15
  • აშშ - 7
  • გერმანია - 7
  • საფრანგეთი - 6
  • ესპენეთი -1
  • ფინეთი - 1
  • შვედეთი - 1

გარდა ამისა, 4 ქვეყანაში დაფიქსირდა შემთხვევა, როცა ჩინეთში მყოფი ადამიანისგან კორონავირუსი გადაედო ადამიანს, რომელიც ჩინეთში არ იმყოფებოდა. ასეთი 4 ქვეყანაში ჯამში 8 შემთხვევაა.

ახალი ვირუსი ჩინეთში, ქალაქ ვუხანში თავდაპირველად გასული წლის დეკემბრის დასაწყისში შენიშნეს. 7 იანვარს დადასტურდა, რომ ახალი ტიპის ვირუსი აღმოაჩინეს.

ახალი ვირუსის სახელია 2019-nCoV. ცნობილია, რომ ის კორონავირუსის ოჯახთა ჯგუფს მიეკუთვნება. ახალი კორონავირუსის ჩათვლით ამჟამად 7 ტიპის კორონავირუსი არსებობს, რომლებსაც ადამიანის დაავადება შეუძლიათ. აქედან ალფა და ბეტა ტიპის კორონავირუსები ყველაზე გავრცელებულია.

არაერთმა ქვეყანამ ჩინეთში პირდაპირი ფრენები შეაჩერა, მათ შორისაა საქართველო. რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა და იაპონიამ ვირუსის ეპიცენტრიდან, ქალაქ ვუხანიდან თავიანთი მოქალაქეების ნაწილის ევაკუაცია მოახდინა.

30 იანვარს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსის გამო გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

კომენტარები