კორონავირუსი

გამყრელიძე: ქვეყანაში პანიკის საფუძველი არაა, ყველაფერს ვაკეთებთ კორონავირუსის ასაცილებლად

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამბობს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოში პანიკის საფუძველი არ არის.

ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ ვირუსთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"მინდა დავარწმუნო საქართველოს მოსახლეობა, რომ პანიკის საფუძველი ნამდვილად არ არის ქვეყანაში, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვიყოთ სრულ მზადყოფნაში. ქვეყანა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული იმპორტი ინფექციისა და თუ ეს იქნა, მაშინ შესაბამისი გადაუდებელი ზომები დროულად გატარდეს", - თქვა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, საქართველო დაბალი რისკის ქვეყნად რჩება, რადგან არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. თუმცა ქვეყანა მზად არის და ამაზე მიუთითებს საგანგებო სიტუაციების სამსახურის რეაგირება მაშინ, როცა სავარაუდო ვირუსის შესახებ მიიღეს ინფორმაცია. საუბარია ყაზბეგიდან გადმოყვანილ ჩინეთის მოქალაქეებზე.

ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, რომ ჩინეთში გამგზავრების აკრძალვის რეკომენდაცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას არ გაუცია, თუმცა, ის საქართველოს მოქალაქეებს ურჩევს, თუ გადაუდებელი აუცილებლობა არ არის, ჩინეთში ეპიდაფეთქების პერიოდში არ წავიდნენ.

"თუ ადამიანი იქ მუშაობს, დასაქმებულია, სამსახური აქვს, რა თქმა უნდა, შესაბამისი წესების დაცვით უნდა გაემგზავროს, შეუძლია ეს. მაგრამ თუ სასეირნოდ, ტურისტული მიზნით, ჩინეთის დიდი კედლის სანახავად მიდიხართ, ნუ გაემგზავრებით. მაგრამ თუ თქვენ იქ მუშაობთ, ლექციებს კითხულობთ, დასაქმებული ხართ, რა თქმა უნდა, ჩინეთში გამგზავრება არ იკრძალება", - თქვა გამყრელიძემ.

რაც შეეხება საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც უკვე იმყოფებიან ჩინეთში, დაავადებათა კონტროლის ცენტრის უფროსმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე საგარეო საქმეთა სამინისტრო პარტნიორებთან ერთად მუშაობს და საქართველოს მოქალაქეებს თურქ მოქალაქეებთან ერთად გადმოიყვნენ. ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ მიმდინარეობს მუშაობა სქემაზე, ჩინეთიდან გადმოყვანის შემდეგ, სად გაივლიან თურქეთისა და საქართველოს მოქალაქეები 14-დღიან კარანტინს.

გუშინ, 30 იანვარს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსის გამო გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ახალი ვირუსი ჩინეთში, ქალაქ ვუხანში თავდაპირველად გასული წლის დეკემბრის დასაწყისში შენიშნეს. 7 იანვარს დადასტურდა, რომ ახალი ტიპის ვირუსი აღმოაჩინეს.

ახალი ვირუსის სახელია 2019-nCoV. ცნობილია, რომ ის კორონავირუსის ოჯახთა ჯგუფს მიეკუთვნება. ახალი კორონავირუსის ჩათვლით ამჟამად 7 ტიპის კორონავირუსი არსებობს, რომლებსაც ადამიანის დაავადება შეუძლიათ. აქედან ალფა და ბეტა ტიპის კორონავირუსები ყველაზე გავრცელებულია.

არაერთმა ქვეყანამ ჩინეთში პირდაპირი ფრენები შეაჩერა, მათ შორისაა საქართველო. რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა და იაპონიამ ვირუსის ეპიცენტრიდან, ქალაქ ვუხანიდან თავაინთი მოქალაქეების ნაწილის ევაკუაცია მოახდინა.

კომენტარები