სალომე ზურაბიშვილი

სამადაშვილი ევროსაბჭოში ზურაბიშვილის გამოსვლაზე: იყო ძალიან სუსტი და პოლიტიკურად მიუღებელი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, სალომე სამადაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას ეხმაურება. სამადაშვილის თქმით, პრეზიდენტის გამოსვლა "სუსტი და პოლიტიკურად მიუღებელი" იყო.

"როდესაც საქართველოს პრეზიდენტი გამოდის მსგავს ფორუმზე, ძალიან დიდხანს საუბრობს და მხოლოდ ბოლოს იწყებს საუბარს მთავარ პრობლემაზე, რომელიც ჩვენს წინაშე დგას, ეს ყველაფრის მთქმელია. ეს იყო ძალიან სუსტი, არა მხოლოდ სუსტი, არამედ პოლიტიკურად მიუღებელი გამოსვლა. ქალბატონი ზურაბიშვილი ამაზე შესაბამის პასუხს მიიღებს ჩვენი საზოგადოებისგან",-ამბობს სამადაშვილი ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში. 

დღეს, 28 იანვარს, ზურაბიშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას სიტყვით მიმართა. პრეზიდენტმა 50 წუთის განმავლობაში ისაუბრა და კითხვებისთვის 10 წუთი დაიტოვს, რის შემდეგაც ბრიტანელმა დეპუტატმა, სერ ედვარდ ლიმ დროის უკმარისობის გამო უკმაყოფილება გამოთქვა და ევროსაბჭოს პრეზიდენტს სთხოვა, შემდეგი გამომსვლელებისთვის მოეწოდებინა, მათი სიტყვა 15-20 წუთს გაგრძელებულიყო, რათა პარლამენტარებს შეკითხვების დასმა მოესწროთ. 

ზურაბიშვილმა რუსი პარლამენტარის კითხვაზე პასუხად თქვა, საქართველო "გვერდს აუვლის თავის კანონმდებლობას" და მაისში ევროსაბჭოს ასამბლეისათვის საქართველო რუს დელეგატებს ქვეყანაში დაუშვებს, მიუხედავად იმისა, ნამყოფები არიან თუ არა ისინი უკანონოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. 

ასევე, პრეზიდენტმა არ უპასუხა კითხვას, ემხრობა თუ არა სანქციებს რუსეთისთვის საქართველოს ოკუპაციის გამო.

კომენტარები