ანაკლიის პორტი

ცქიტიშვილი ანაკლიაზე: არ არსებობს სამართლებრივი დავის საფუძველი

საქართველოს მთავრობა

ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდგომ განაცხადა, რომ მთავრობის შეფასებით, ანაკლიის განვითარების კონსორციუმს სამართლებრივი დავის წამოწყების საფუძველი არ აქვს ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით.

"როგორც უკვე მოგახსენეთ, 2017 წლის აგვისტოს შემდეგ ხდება მთავრობის მიერ უპრეცედენტო მხარდაჭერა, მუდმივი გადავადება, ხელშეკრულების შეცვლა, იმ საჯარიმო სანქციების პატიება თუნდაც, ან საბანკო გარანტიებისგან გათავისუფლება. სხვადასხვა ბანკებთან მოლაპარაკების პროცესში ჩვენ საინვესტიციო ხელშეკრულებით, კონკურსის შედეგით გამოვლენილ გამარჯვებულთან დადგენილ პირობებშიც კი გამოვთქვით მზაობა მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანის.

მიუხედავად ამისა, ამ ყველაფერმა არ გამოიღო თავისი შედეგი და შესაბამისად, კონსორციუმმა ვერ შეძლო ამ ვალდებულებების შესრულება. აქედან გამომდინარე, ჩვენი შეფასებით, დავას არ აქვს არანაირი საფუძველი." - ამბობს ინფრასტრუქტურის მინისტრი.

საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, დაიწყოს ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურები.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დაიწყება როგორც საინვესტიციო ხელშეკრულების მოშლის სამართლებრივი, ისე "ანაკლიის პორტის შემდგომი განვითარებისათვის" პროექტის ხელახალი სატენდერო წინადადების მოსამზადებლად აუცილებელი პროცედურები.

ანაკლიის კონსორციუმს წინასწარი ვალდებულებების შესრულების ვადა 15 ოქტომბერს ამოეწურა. მოგვიანებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ კონსორციუმს ვადა მიმდინარე წელს 31 დეკემბრამდე გადაუწიეს. ანაკლიის კონსორციუმი 31 დეკემბერს აცხადებდა, რომ არ წყვეტენ მუშაობას, რათა პროექტი არ გაჩერდეს, თუმცა, მათი შეფასებით, ამ ვითარებაში გადამწყვეტი როლი სახელმწიფოს ჩართულობას ეკისრება.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 8 იანვრიდან სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს ანაკლიის კონსორციუმის ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძისა და მისი მოადგილის, ბადრი ჯაფარიძის მიმართ. ხაზარაძე-ჯაფარიძეს სახელმწიფო ფულის გათეთრებას ედავება.

კომენტარები