სამოქალაქო მოძრაობა

მოძრაობა "სირცხვილია": 18 ნოემბრიდან დღემდე აქტივისტების ჯარიმა ჯამში 28 500 ლარია

ტაბულა

სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" ინფორმაციით, 18 ნოემბერს პარლამენტის პიკეტირებიდან დღემდე დაკავებულ აქტივისტთა ჯარიმა ჯამში 28 500 ლარია. 

როგორც "სირცხვილიას" წევრები წერენ, სასამართლო დაკავებულ აქტივისტებს ხშირად არაპროპორციულ ჯარიმას აკისრებს- 2500, 2000, 1500 ლარის ოდენობით. 

"ეს ის თანხაა, რომლის გადახდასაც ადამიანებს ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, პოლიციის მიერვე მიცემული ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებების საფუძველზე აკისრებენ. საქართველოს შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 92%-ზე მეტის ყოველთვიური შემოსავალი 1000 ლარი ან ნაკლებია, ჯარიმების არაპროპორციული ოდენობა კი ემსახურება ერთადერთ მიზანს - სამართლებრივი ბერკეტისა და სასამართლოს ბოროტად გამოყენებით, აქტივისტებზე ფინანსური ზეწოლის მოხდენას",-წერია სამოქალაქო მოძრაობის განცხადებაში.   

სამოქალაქო მოძრაობის წევრთა თქმით, ჯარიმები ერთადერთი საშუალება არ არის, რომელსაც სახელმწიფო აქტივისტებზე ეკონომიკური ზეწოლისთვის იყენებს. 26 ნოემბერს სამართალდამცავებმა აქტივისტებს აქციისთვის შეძენილი საგნები ჩამოართვეს. მათ შორის იყო შეშა და კასრები. აქტივისტთა ინფორმაციით, საკუთრება მათთვის არ დაუბრუნებიათ.

"მოვუწოდებთ სახელმწიფოს, პატივი სცეს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების ნებას, გამოხატვის თავისუფლებასა და მანიფესტაციის უფლებას, შეწყვიტოს კრიტიკული აზრის დევნა, რადგან პროტესტი არ შეწყდება მანამ, სანამ ჩვენი საზოგადოება არ მიიღებს პროპორციულ არჩევნებს",-წერია სამოქალაქო მოძრაობის განცხადებაში.

კომენტარები