სამოქალაქო მოძრაობა

სამოქალაქო მოძრაობა ბათუმის გენგეგმის კონკურსზე მერიის მხრიდან შესაძლო დარღვევებზე საუბრობს

სამოქალაქო მოძრაობა

ალეკო ელისაშვილის სამოქალაქო მოძრაობა ბათუმის გენგეგმის კონკურსთან დაკავშირებით მერიის მხრიდან შესაძლო დარღვევებზე საუბრობს.

მოძრაობის ცნობით, ბათუმის მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციის შემუშავების კონკურსი 18 მარტს გამოცხადდა და მისი ღირებულება 1 101 694 ლარია. 

სამოქალაქო მოძრაობის აჭარის წარმომადგენლობის ლიდერის, გენრი დოლიძის, განცხადებით, ბათუმის მერიის მხრიდან წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტაცია არაერთ დარღვევასა და შეუსაბამობას შეიცავს, როგორც სამართლებრივი, ისე შინაარსობრივი კუთხით. მოძრაობის განცხადებით, ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ პირობები შესაძლოა რომელი კონკრეტული კომპანიის ინტერესებს იყოს მორგებული. 

"ამ მოსაზრებას მოწმობს შემდეგი ფაქტი - შესყიდვის ერთ-ერთ საგანს წარმოადგენს - ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების განახლება-შემუშავება. 2019 წლის 3 ივნისიდან კი ძალაში შედის ახალი კანონი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ , რომლის მიხედვითაც ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დადგენის უფლება აღარ ექნება ადგილობრივ თვითმმართველობას. ამდენად, გამოდის, რომ ის, რაშიც თითოეული ჩვენგანის ფული იქნება გადახდილი, 3 ივლისიდან ძალადაკარგული და უვარგისი იქნება. ამ და სხვა დარღვევებისა და ხარვეზების გასაჩივრების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სამოქალაქო მოძრაობა ელის რომ მერიას ხარვეზების გასწორება, დისკრიმინაციის აღმოფხვრა და კონკურსის ხელახალი გამოცხადება დაევალება,"- ნათქვამია განცხადებაში. 

გენრი დოლიძის თქმით, სამოქალაქო მოძრაობა ვერ დაუშვებს, რომ ბათუმის ბიუჯეტიდან სოლიდური თანხა არაკომპეტენტური დოკუმენტის შესაქმნელად ფუჭად დაიხარჯოს.

"სამოქალაქო მოძრაობა ვერ დაუშვებს, რომ ფუჭად იქნას გადაყრილი ბათუმის ბიუჯეტიდან სოლიდური თანხა, უსარგებლო, გამოუყენებელი და არაკომპეტენტური დოკუმენტის შესაქმნელად მაშინ, როდესაც ურბანული განვითარების კუთხით ვდგავართ მეტად სახიფათო და ქაოტური პროცესებისა და გამოწვევების პირისპირ,"- ამბობს გენრი დოლიძე.

კომენტარები