სამოქალაქო მოძრაობა

ელისაშვილი: აუცილებელია შეიქმნას სამოქალაქო, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ალტერნატივა

ალეკო ელისაშვილი და ახლადაარსებული სამოქალაქო მოძრაობის წევრები დღეს პოლიტიკის მიმომხილველებს შეხვდნენ. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მოძრაობის დამფუძნებელმა ალეკო ელისაშვილმა თქვა, აუცილებელია შეიქმნას ალტერნატივა პოლიტიკურ ველზე და მათ მოისმინეს სფეროს ესპერტებისგან თუ როგორ ჯობია დაწყება და პირველი ნაბიჯების გადადგმა. 

"აუცილებელია შეიქმნას სამოქალაქო, საზოგადოებრივი პოლიტიკური ალტერნატივა, რომ ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის დაპირისპირებამ არ ჩაიყოლოს უფსკრულში ეს ქვეყანა. დღეს სწორედ ამაზე ვსაუბრობდით. ჩვენი გუნდის წევრების სურვილი იყო რომ პოლიტიკაში ჩახედული ადამიანებისთვის, ექსპერტებისთვის ჩვენი გეგმები გაგვეზიარებინა და მათი ხედვები მოგვესმინა იმასთან დაკავშირებით თუ როგორ ჯობია დაწყება, როგორ ჯობია პირველი ნაბიჯების გადადგმა, იმისათვის რომ მიღწეული იქნას საერთო მიზანი და ეს ქვეყანა წავიდეს წინ. გამოვიდეს ქვეყანა სიძულვილის ჭაობიდან და ყველამ ერთად დავიწყოთ ხალხის და ქვეყნის პრობლემების მოგვარებაზე ფიქრი. ამაზე გვქონდა აზრთა გაცვლა-გამოცვლა და იყო ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა, იყო კრიტიკული აზრი და შენიშვნები, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის." - ამბობს ელისაშვილი.

ექსპერტების თქმით, შეხვედრაზე მიმოიხილეს თუ რა პრობლემები შეიძლება ჰქონდეს ახალ მოძრაობას და რამდენად აქვთ მათ პოტენციალი ჯანსაღ მესამე ძალად ჩამოყალიბდნენ. 

"მათ აქვთ ხედვები და პროგრამები მთელი რიგი მიმართულებით, უკვე ნამუშევარი აქვთ. ელისაშვილი დიდი ხანია პოლიტიკაშია და გუნდსაც აყალიბებს, მათი პრობლემა არის ბანალური, ეს არის დაფინანსება, მედიაზე წვდომა, ცნობადობა, რაც ნებისმიერ ახალ ძალას გაუჭირდება და ეს არის მათი მთავარი ამოცანა და ამაზე ვსაუბრობდით როგორ შეიძლება მოხდეს ჯანსაღი მესამე ძალის ჩამოყალიბება და აქვთ თუ არა ელისაშვილს და მის გუნდს ამის პოტენციალი და რაში სჭირდება დახმარება." - ამბობს თორნიკე შარაშენიძე.

"სხვადასხვა სფეროს ექსპერტებთან შეხვედრა ნიშნავს რომ ალეკო ელისაშვილი და მისი გუნდის წევრები ეძებენ პროფესიონალიზმს და დასაწყისშივე უნდათ მიიღოს პროფესიული რჩევები, რაც შეცდომებს გამორიცხავს. ალეკო ელისაშვილს დღეს, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ყველაზე მეტად აქვს შანსი იქცეს საერთო სახალხო ლიდერად, ამაზე მეტყველებს მისი შედეგები იმ ორ არჩევნებში, რომლებშიც მონაწილეობა მიიღო. ასევე მისი თვისებები, რომელიც ქართულ პოლიტიკაში არსებული ლიდერებისგან გამოარჩევს, რაც დეფიციტია ქართულ პოლიტიკაში, ეს არის ქარიზმა და ხალხურობა. ეს არის მისი წრმატების პირველი პირობა და მეორე რაც ვნახეთ მას სურს საქმე აკეთოს პროფესიონალებთან ერთად." - ამბობს ხათუნა ლაგაზიძე. 

სამოქალაქო მოძრაობის წევრებთან შეხვედრას ესწრებოდნენ გია ხუხაშვილი,ხათუნა ლაგაზიძე,ბაკურ კვაშილავა,თორნიკე შარაშენიძე, რამაზ საყვარელიძე, ლიკა ბასიალია და სხვები. 

ალეკო ელისაშვილმა თანამოაზრეებთან ერთად სამოქალაქო მოძრაობა რამდენიმე დღის წინ დაარსა, ელისაშვილი არ გამორიცხავს რომ მოძრაობამ პოლიტიკური საქმიანობა დაიწყოს. 

კომენტარები