ვაჟა გაფრინდაშვილი

საოკუპაციო რეჟიმი: გაფრინდაშვილის ქმედება პროვოკაციაა, გათავისუფლების მოთხოვნა - ისტერია

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტრო ისტერიას უწოდებს მოთხოვნას, გაათავისუფლონ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი.

განცხადებაში საოკუპაციო რეჟიმი გაფრინდაშვილის ქმედებებს ასევე უწოდებს სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილ პროვოკაციას, რომელსაც პოლიტიკური ძალები წინასაარჩევნოდ მიმართავენ.

საოკუპაციო რეჟიმის ე.წ სამინისტროს განცხადებაში წერია:

"არ შეგვეძლო, ყურადღება არ გაგვემახვილებინა ისტერიულ მოთხოვნაზე, დაუყოვნებლივ გავათავისუფლოთ საქართველოს მოქალაქე ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც 9 ნოემბერს დააკავეს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დარღვევისთვის და ამისთვის 1 წლით და 9 თვით პატიმრობა მიესაჯა" .

ე.წ სამინისტროში აღნიშნეს, რომ ნებისმიერი კანონით საზღვრის დარღვევა ისჯება და არც "სამხრეთ ოსეთია" გამონაკლისი.

"უმეტეს შემთხვევაში, ისინი, ვინც საზღვარს არღვევს, ადმინისტრაციული ზომების გამოყენების შემდეგ, დადგენილი წესით გადაეცემიან საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს.

რაც შეეხება გაფრინდაშვილს, მისი მოქმედებები დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, რომელთა გამოც პატიმრობა მიესაჯა, გათვალისწინებულია სამხრეთ ოსეთის კანონმდებლობით და მისი პროფესიონალური საქმიანობა ამასთან კავშირში არ არის. გაფრინდაშვილი ჩვეულებრივი კანონდამრღვევია და შიდაპოლიტიკური ბრძოლის ტყვე, ჩვეულებრივი პროვოკატორი და არა გმირი, როგორც მის სამშობლოში ცდილობენ, რომ წარმოადგინონ.

არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ მსგავსი პროვოკაციები ხდება ზუსტად წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში. გაფრინდაშვილის შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს პროვოკაციის სახესთან. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას აქვს სანდო ინფორმაცია, რომ ქართული სპეცსამსახურები ეწევიან ჰუმანიტარული პროფესიების იდეური მოხალისეების მოძიებას და მსგავსი დანაშაულისთვის წახალისებას შემდგომი ჯილდოს მიზნით".

საოკუპაციო რეჟიმის ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტროში ასევე აცხადებენ, რომ საქათველოს დასავლელი მეგობრები, მანამ, სანამ ხმამაღალ განცხადებებს გააკეთებენ, ჯერ საქართველოს შიგნით რეალურ ვითარებას უნდა გაეცნონ და მხოლოდ ამის შემდეგ დაფიქრდნენ კონკრეტული ადამიანის უფლებების დაცვაზე.

"არავის აქვს უფლება, დაარღვიოს სუვერენული სახელმწიფოს სასაზღვრო რეჟიმი და მით უფრო, დაუსაბუთებლად მოითხოვოს დამნაშავეების გათავისუფლება".

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ 1 წლით და 9 თვით პატიმრობა 20 დეკემბერს მიუსაჯა.

გაფრინდაშვილს ე.წ საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით 9 ნოემბერს დააკავეს და რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით "გაასამართლეს".

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი აცხადებს, გაფრინდაშვილმა საოკუპაციო ხაზი მიზანმიმართულად გადაკვეთა და მისგან ამ "დანაშაულის აღიარებას" ითხოვს. თუმცა, გაფრინდაშვილი ამაზე უარს აცხადებს. მისი ადვოკატი, ვლადიმირ ფიდაროვიც ამბიბს, რომ მის რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს და კვლავ აგრძელებს ისეთი ფრაზების გამოყენებას, როგორიც არის ოკუპირებული ტერიტორიები და საოკუპაციო ძალები. სწორედ ამ არაღიარების გამო მიუსაჯეს პატიმრობა ვაჟა გაფრინდაშვილს. 

მან ოკუპანტებს გატაცების დღესაც უთხრა რომ "იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე".

ამასთან, ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილმა აღნიშნა, რომ ის საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას ემხრობა.

კომენტარები