საგადასახადო დავალიანება

ფინანსთა სამინისტრო დავალიანების მქონე ტელევიზიებს აფრთხილებს

stlucianewsonline.com

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ტელევიზიებს, რომლებსაც სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დაგროვილი აქვთ მიმდინარე დავალიანება, აფრთხილებს და ერთი დღის ვადას აძლევს, რათა 2019 წლის 1 ოქტომბრიდან დაგროვილი მიმდინარე დავალიანების ძირი თანხა დაფარონ.

ტაბულამ სცადა გაერკვია, რომელ ტელევიზიებზეა საუბარი და ჯამში რამდენ მედიას ეხება გაფრთხილება, თუმცა ამას უწყებაში არ აკონკრეტებენ და ამბობენ, რომ ამ ეტაპზე ამ განცხადებით შემოიფარგლებიან.

სამინისტრო აცხადებს, რომ აცნობიერებს მედიის უმნიშვნელოვანეს რომს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში და სწორედ ამიტომ, მაქსიმალურად ითვალისწინებს მათ ინტერესებს. უწყების თმით, ამის დასტურია წლების განმავლობაში დაგროვილ საგადასახადო დავალიანებებზე გაწეული შეღავათები და გადახდის გრაფიკზე ამ დრომდე მიმდინარე მოლაპარაკებები.

"ამავე დროს, მედიასაშუალებების მიმართ გაწეული ამგვარი შეღავათი, ქმნის არაკონკურენტულ გარემოს, არათანაბარ პირობებში აყენებს სხვა გადამხდელებს, რომლებიც კეთილსინდისიერად იხდიან, როგორც მიმდინარე გადასახადებს, ისე ძველ დავალიანებებს.

სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას ყველა გადამხდელის ინტერესები, ამასთან ერთად,  ეფექტურად მართოს საჯარო ფინანსები, რაც ნიშნავს იმას, რომ გადასახადის გადამხდელების  მიერ გადახდილი თანხები უნდა მოხმარდეს თითოეულ მოქალაქეს, სახელმწიფოს როგორც სოციალური, ისე სხვა მნიშვნელოვანი ვალდებულებების შესასრულებლად", - ამბობენ უწყებაში.

სამინისტრო აღნიშნავს, რომ საგადასახადო ორგანო არაა ვალდებული, საჯარო გაფრთხილება მისცეს გადამხდელს საგადასახადო კოდექსით არსებული ღონისძიებების შესახებ და ფინანსთა სამინისტროს ეს განცხადება ტელემაუწყებლების ინტერესების გათვალისწინებას ემსახურება.

გარდა ამისა, უწყება მიუთითებს ფინანსთა მინისტრის საჯარო განცხადებაზე, სადაც ივანე მაჭავარიანმა მაუწყებლებს მიმართა დაგროვილი დავალიანების რესტრუქტურიზაციის წინადადება წარედგინათ და მიმდინარე დავალიანების გადახდა დაეწყოთ.

"ვალის რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურსა და ტელემაუწყებლებს შორის ამ დრომდე გრძელდება შეთანხმების პროცესი, რაც შეეხება მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებებს, ტელევიზიებმა არ მოახდინეს მათი გადახდა, რის გამოც, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური იძულებულია განახორციელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ღონისძიებები", - აღნიშნავენ უწყებაში.

კომენტარები