საგადასახადო დავალიანება

TV კავკასია: არავის აქვს უფლება, შერჩევითად გადაწყვიტოს ტელეკომპანიების ყოფნა–არყოფნის ბედი

stlucianewsonline.com

ტელეკომპანია კავკასიამ ფინანსთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ შემოსავლების სამსახურში ელექტრონული ფორმით გაგზავნა მისი დავალიანების – 26 226 ლარის და 92 თეთრის ერთ წელზე გადანაწილების მოთხოვნა. ტელეკომპანია აღნიშნავს, რომ ეს არის კანონმდებლობით გათვალისწინებული მარტივი პროცედურა და მისი დაკმაყოფილება ერთი დღის ვადაშია შესაძლებელი. TV კავკასიის შეფასებით, მათი ანგარიშისთვის ინკასოს დადება ემსახურებოდა არა დეკლარირებულ პრინციპს, რომ "გადასახადები ყველამ უნდა გადაიხადოს", არამედ ტელეკომპანიის მუშაობისთვის ხელის შეშლას. TV კავკასიის შეფასებით, შემოსავლების სამსახურის პასუხი იქნება ტესტი, არის თუ არა მთავრობა მზად, თუნდაც ერთწლიანი გრაფიკი გაუკეთოს არასახელისუფლო ტელეკომპანიას, როცა სამთავრობო არხებს ვალის 10-წლიან განაწილებას უპირებს. 

TV კავკასიის განცხადებით, სამართლებრივი გზებით და პროტესტის სხვა ფორმებით გააგრძელებენ ხელისუფლების უსამართლო პოლიტიკასთან ბრძოლას. სამაუწყებლო კომპანია აღნიშნავს, რომ არავის აქვს უფლება, ერთპიროვნულად, კანონის სრული იგნორირებით, დახურულ კაბინეტებში, შერჩევითი მიდგომით გადაწყვიტოს ტელეკომპანების ყოფნა–არყოფნის და საბიუჯეტო თანხების ჩუქება–პატიების ბედი.


"ფინანსთა მინისტრთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ჩვენთვის ნათელია, რომ:

  1. ხელისუფლება მის მიმართ ლოიალურად განწყობილ ტელეკომპანიებს – იმედს, მაესტროს, რუსთავი2–ს აყენებს სასათბურე მდგომარეობაში და აპირებს პრაქტიკულად აპატიოს მათ 55 მილიონიანი დავალიანება ბიუჯეტის მიმართ, ამ დავალიანების რესტრუქტურიზაციის და ფორმალურად 10 წელზე გადანაწილების გზით, რათა არ შეუქმნას დისკომფორტი ამ არხებს და შეუნარჩუნოს მათ საბაზრო უპირატესობა.
  2. ყველა გადაწყვეტილება ტელეარხების დავალიანებასთან და მათ ამოღებასთან დაკავშირებით მიიღება ყოველგვარი ფორმალური საფუძვლის და დოკუმენტაციის გარეშე, არაფორმალური გარიგებების გზით, კანონმდებლობის და კონსტიტუციის სრული იგნორირებით, თანასწორობის და კონკურენციის პრინციპების დარღვევით.
  3. ტელეკომპანია კავკასიის ანგარიშისთვის ინკასოს დადება ემსახურებოდა არა დეკლარირებულ პრინციპს, რომ “გადასახადები ყველამ უნდა გადაიხადოს“, არამედ ტელეკომპანია კავკასიის მუშაობისთვის ხელშეშლას, რომელსაც ამ ეტაპზე არ გააჩნია თანხები ერთდროულად დავალიანების დასაფარად და ფუნქციონირების გასაგრძელებლად. ჩვენს ანგარიშზე დადებული ინკასო ნიშნავს იმას, რომ მომავალი კვირიდან ტელეკომპანია ვეღარ შეძლებს გამართულად ფუნქციონირებას.

ტელეკომპანია კავკასიამ მინისტრთან შეხვედრის შემდეგ შემოსავლების სამსახურში ელექტრონული ფორმით გაგზავნა დღეისათვის არსებული მისი დავალიანების – 26 226 ლარის და 92 თეთრის ერთ წელზე გადანაწილების მოთხონა. ეს არის კანონმდებლობით გათვალისწინებული მარტივი პროცედურა და მისი დაკმაყოფილება ერთი დღის ვადაშია შესაძლებელი. ამით ვაძლევთ ფინანსთა სამინისტროს შანსს, გამოასწოროს მის მიერ დაშვებული შეცდომა და ორშაბათს დილიდანვე მოხსნას ინკასო ტელეკომპანია კავკასიის ანგარიშებს. ასევე ტესტი, არის თუ არა ის მზად თუნდაც ერთწლიანი გრაფიკი გაუკეთოს არასახელისუფლო ტელეკომპანიას, როცა სამთავრობო არხებს ვალის 10 წლიან განწილვადებას უპირებს.
თუ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური არ გააკეთებს ამას, ნათელი იქნება მისი გადაწყვეტილების მთავარი მოტივი – ხელი შეუშალოს ტელეკომპანია კავკასიის ფუნქციონირებას.

პარალელურად მოვითხოვთ, ხელისუფლებამ სასწრაფოდ გაასაჯაროვოს ტელეკომპანიების მიერ ამ მომენტისთვის დაგროვილი დავალიანებები ყოველი თეთრის სიზუსტით (რაც ჩვენ, ჩვენის მხრივ უკვე გავაკეთეთ), გაასაჯაროვოს მოლაპარაკებების პროცესი და დეტალურად აცნობოს საზოგადოებას, როგორ აპირებს ტელეკომპანია იმედის, მაესტროს და რუსთავი2–ის დავალიანების – 55 მილიონი ლარის ამოღებას.

არავის აქვს უფლება, ერთპიროვნულად, კანონის სრული იგნორირებით, დახურულ კაბინეტებში, შერჩევითი მიდგომით გადაწყვიტოს ტელეკომპანების ყოფნა–არყოფნის და საბიუჯეტო თანხების ჩუქება–პატიების ბედი.

"კავკასია" სამართლებრივი გზებით და პროტესტის სხვა ფორმებით გააგრძელებს ტელეარხების მიმართ ხელისუფლების უსამართლო პოლიტიკასთან ბრძოლას" - ნათქვამია ტელეკომპანიის განცხადებაში. 

ტელეკომპანია პირველს და კავკასიას დავალიანების გადახდის დაგვიანების გამო ინკასო ფინანსთა სამინისტრომ ორი დღის წინ დაადო. უწყებამ ტელევიზიები, რომლებსაც სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დაგროვილი აქვთ დავალიანება, 23 დეკემბერს გააფრთხილა. სამინისტრომ ტელევიზიებს ერთი დღის ვადა მისცა, რათა 2019 წლის 1 ოქტომბრიდან დაგროვილი მიმდინარე დავალიანების ძირი თანხა დაეფარათ. სწორედ ამის შემდეგ ჩაინიშნა მედია მენეჯერების შეხვედრა ფინანსთა მინისტრთან. შეხვედრა დღეს, 27 დეკემბერს შედგა და ის ტვ პირველის გენერალურმა დირექტორმა, ინგა გრიგოლიამ პროტესტის ნიშნად დატოვა. მისი თქმით, ვანო მაჭავარიანმა თავის წინამორბედ მინისტრებს "უტრაკოები" უწოდა.

ინგა გრიგოლიას შეფასებით, ხელისუფლებამ პოლიტიკური შტურმი მიიტანა თავისუფალ მედიაზე. ტვ კავკასიის დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის თქმით კი, გადასახადების გადახდას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყებდა, თუ ძველ დავალიანებებს გადაახდევინებდნენ ტელევიზიებს, რომლებიც ხელისუფლებისადმი კრიტიკულად არ არიან განწყობილი, კერძოდ იმედს, რუსთავი 2-ს და მაესტროს.

დავალიანებები იმედს, რუსთავი 2-ს და მაესტროს 2016 წლიდან 2019 წლის 1 ოქტომბრამდე დაუგროვდათ. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ამ ვალის რესტრუქტურიზაციაზე შემოსავლების სამსახურსა და ტელემაუწყებლებს შორის მოლაპარაკებები ამ დრომდე გრძელდება.

კომენტარები