სამთავრობო პროპაგანდა

თალაკვაძე ტროლ გვერდებისთვის დახარჯულ 316 000$-ზე: ჩვენდამი ლოიალური კერძო სუბიექტების თანხაა

იმედი

პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ 316 ათასი აშშ დოლარი, რომელიც ხელისუფლების მხარდამჭერ ტროლ გვერდებსა და პროფილებზე დაიხარჯა, არა ბიუჯეტის, არამედ კერძო თანხებია, რომელსაც მმართველი გუნდის მიმართ ლოიალური სხვადასხვა სუბიექტი ხარჯავს.

"იქ პრაქტიკულად ჩანს, რომ ეს არის ქსელი, რომელიც მუშაობდა საქართველოში, რომელიც კერძო სპონსორებით არის დაფინანსებული. დანარჩენი ყველა ფული, გადასახადები რომელსაც ჩვენი მოქალაქეები იხდიან, არის გაკონტროლებადი. ეს კერძო ფულია, ბიუჯეტიდან ფიზიკურად შეუძლებელია ამისთვის თანხის დახარჯვა, ეს არის სრულიად გამჭვირვალე.

ოპოზიციამ და მათთან დაკავშირებულმა ორგანიზაციებმა გამოითხოვეს ჩემი გვერდის თანხებთან დაკავშირებული ინფორმაცია, ასევე შეუძლიათ, სხვისგან გამოითხოვონ.

არავითარი ბიუჯეტის ფული და სახელისუფლებო რესურსი მანდ არ არის დახარჯული. ეს არის კერძო თანხები, რომელსაც ოპოზიციაც დიდი ალბათობით ხარჯავს და რომელსაც ამ შემთხვევაში ხარჯავდა ჩვენდამი ლოიალური სხვადასხვა სუბიექტები. ჩვენ რა ვქნათ, გამოვიდეთ და ჩვენს მხარდამჭერებს, რომელბმაც შექმნეს ესეთი სუბიექტები, რა ვქნათ, ნუ ხართ ჩვენი მხარდამჭერები და ოპოზიციას ვუთხრათ, რომ გააგრძელეთ დეზინფორმაციის კეთება? ასე ვერ მოხდება", - თქვა მან იმედის ეთერში.

Facebook-მა თავისი პლატფორმიდან 418 ქართული ანგარიში (39 პროფილი, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და 22 Instagram-ანგარიში) გააუქმა, რომლებიც ჩართულნი იყვნენ "კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაში", რაც პროსახელისუფლებო, ანტიოპოზიციური და ანტიდასავლურ ნარატივში გამოიხატებოდა.

გავრცელებულ განცხადებაში Facebook წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს გვერდები საკუთარ თავს სხვადასხვა გზით ნიღბავდნენ, სოციალური ქსელის მიერ ჩატარებულმა გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებასთან არიან დაკავშირებულები.

"ეს გვერდები პოზიციონირებდნენ, როგორც ახალი ამბების სააგენტოები და იმიტირებდნენ პოლიტიკურ პარტიებს, საჯარო პირებსა და მედიებს. გვერდების ადმინასტრატორები და ანგარიშების მფლობელები, როგორც წესი, ადგილობრივ ახალ ამბებსა და პოლიტიკურ საკითხებზე პოსტავდნენ, მაგალითად, როგორიცაა არჩევნები, სამთავრობო პოლიტიკა, მაღალჩინოსნები, ოპოზიციისა და ადგილობრივი აქტივისტური ჯგუფების კრიტიკა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ანგარიშების უკან მდგომი ადამიანები ცდილობდნენ, დაეფარათ თავიანთი იდენტობა და კოორდინირებული მუშაობა, ჩვენი გამოძიებით ეს აქტივობები საქართველოში მოქმედ სარეკლამო კომპანია პანდასა და ქართული ოცნების ხელისუფლებას უკავშირდება,"- წერია განცხადებაში.

კომენტარები