თბილისის მერი, კახა კალაძე, Facebook-ის მიერ ქართული ოცნების PR კონსულტანტთან, კოკა ყანდიაშვილთან, დაკავშირებული ასობით გვერდის გაუქმებას ეხმაურება.
"გვერდების გაუქმებასთან დაკავშირებით ბევრი განცხადება კეთდება. შესაბამისად, არ ვიცი, ტროლები, ბოტები ჩვენ ნამდვილად არ გვჭირდება", - ამბობს დედაქალაქის მერი.
კალაძის შეფასებით, მმართველ გუნდს არ სჭირდება ტროლები და ბოტები, რადგან სახელმწიფო "გადართულია" COVID 19-თან ბრძოლაზე.
"უბრალოდ, ისმის კითხვის ნიშანი, ვის აწყობს, ვინ არის ის ჯგუფი, კონკრეტული ადამიანები, ვინც გარკვეულ თანხებს იხდიდნენ რეკლამებში და ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ ბრძოლა გაჩაღებულიყო იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც ფრონტის წინა ხაზზეა და ჩართულია კორონავირუსის დამარცხებაში", - ინტერპრესნიუსის ცნობით, ამბობს კახა კალაძე.
5 მაისს Facebook-ის პლატფორმიდან ეSპერსონასთან დაკავშირებული 511 გვერდი, 101 პროფილი, 122 ჯგუფი და 56 Instagram-ანგარიში წაშალა. ამასთან, Facebook-მა ქართული ანგარიშების კიდევ ერთი ქსელი გააუქმა, რომელიც ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან იყო დაკავშირებული.
ქართული ოცნების დეპუტატმა, პარლამენტის ვიცესპიკერმა, მამუკა მდინარაძემ, ამ საკითხთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა, სადაც მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობაზე ისაუბრა. მედიის მიერ ყანდიაშვილის შესახებ დამაზუსტებელი შეკითხვის დასმის შემდეგ კი, მდინარაძემ ყანდიაშვილთან ქართული ოცნების კავშირი უარყო და უბრალო მხარდამჭერად მოიხსენია.
Facebook-ის განცხადებაში ყანდიაშვილთან დაკავშირებულ ქსელთან დაკავშირებით წერია, რომ ეს ანგარიშები დაკავშირებულები იყვნენ კიდევ ერთ ქართულ ქსელთან, რომელიც Facebook-მა 2019 წლის დეკემბერში გააუქმა და სადაც პირდაპირ ეწერა, რომ ანგარიშები ქართული ოცნების ხელისუფლებასთან იყვნენ დაკავშირებულები.