ვაჟა გაფრინდაშვილი

თალაკვაძე: რუსეთმა ზომები უნდა მიიღოს და დროულად გაათავისუფლოს ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული ექიმის, ვაჟა გაფრინადაშვილის გათავისუფლება, ხელისუფლებისთვის და საზოგადოებისთვის ნომერ პირველი პრიორიტეტია.

მისი თქმით, მმართველი გუნდი, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ექიმის დროულად გათავისუფლებისთვის აქტიურად მუშაობს. 

"ეს არის გაუგონარი ბოროტება, რომ ექიმი, რომელიც განსაცდელში მყოფ ადამიანებს ეხმარებოდა დააკავო. ამით გამოჩნდა, რომ საოკუპაციო რეჟიმი ადამიანურ ღირებულებებს კიდევ ერთხელ გაემიჯნა და ისიც, თუ რა მძიმე ვითარებაა ოკუპირებულ რეგიონში და ბუნებრივია ამაზე პასუხისმგებელია საოკუპაციო რეჟიმი. რუსეთის ფედერაციამ უნდა მიიღოს ზომები და დროულად გაათავისუფლოს ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი"- ამბობს თალაკვაძე. 

...............

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. ის უკვე 10 დღეა, გატაცებული ჰყავთ. გაფრინდაშვილი "საზღვრის უკანონო გადაკვეთის" ბრალდებით არის დაკავებული. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ცნობით, მან საოკუპაციო ხაზი მიზანმიმართულად გადაკვეთა.

თავად ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სამართალდამცველების მიერ "საზღვრის" უკანონოდ გადალახვის შესახებ წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ "იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე". 

როგორც "რადიო თავისუფლება" სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, ექიმ გაფრინდაშვილს 7 დღეა ერთი და იგივე ტანსაცმელი ეცვა. ამავე წყაროს ინფორმაციით, გატაცებული ექიმისთვის პირველადი მოხმარების ნივთებისა და ტანსაცმლის მიწოდებას მონაზვნის საშუალებით გეგმავენ, რომელსაც პატიმრების მონახულების უფლება აქვს.

ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმი ამბობს, რომ გაფრინდაშვილი საქართველოს სამხედრო- სამედიცინო დანაყოფის კაპიტანია და 2008 წლის მოვლენებშიც მონაწილეობდა.

კომენტარები