ჰონგ-კონგი

ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის 3-დღიანი ალყისას პოლიციამ 400-ზე მეტი ადამიანი დააკავა

AP

ჰონგ-კონგის ცენტრალური პოლიტექნიკური უნივერსიტეტი მესამე დღეა ალყაშია. ჰონგ-კონგის მმართველმა კერი ლამმა თქვა, რომ პოლიციას უნივერსიტეტის შენობაში მყოფი 600-მდე მომიტინგე ჩაბარდა მას შემდეგ, რაც მთავრობამ მათთან მოლაპარაკებები დაიწყო. მისი თქმით, მათგან 200 არასრულწლოვანი იყო და არ დაუკავებიათ. სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად მოხდა 20 აქტივისტის ევაკუაცია.

უნივერსიტეტის შენობაში ამ დრომდე 200-მდე ადამიანი რჩება.

ჰონგ-კონგის ქუჩებში ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა და პოლიციის ალყის გარღვევა და უნივერსიტეტში გამაგრებულ მომიტინგეებამდე მიღწევა სცადა, რასაც აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოჰყვა. გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და რამდენიმე შემთხვევაში ცეცხლსასროლი იარაღი.

სამდღიანი ალყის განმავლობაში პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. თავის მხრივ აქციის მონაწილეები პოლიციას მოლოტოვის კოქტეილებს და სხვადასხვა საგნებს, მათ შორის ისრებს ესროდნენ. შედეგად ფეხში დაიჭრა ერთ-ერთი პოლიციელი. დაშავდა რამდენიმე მომიტინგეც.

პოლიციამ მომიტინგეები გააფრთხილა შეეწყვიტათ ლეტალური იარაღის გამოყენება და ცეცხლის გახსნით დაიმუქრა.

მანამდე მომიტინგეებმა ჰონგ კონგის ჩინური უნივერსიტეტის შენობაც აიღეს, თუმცა მისგან გასხვავებით პოლიტექნიკური უნივერსიტეტი ქალაქის ცენტრში, მნიშვნელოვან გზებთან ახლოს მდებარეობს. გასული კვირების განმავლობაში მომიტნგეებმა ეს გზები არაერთხელ გადაკეტეს.

საპროტესტო აქციები ჰონგ-კონგში მეექვსე თვეა გრძელდება. მთავრობის განცხადების მიხედვით აქციების გამო ორშაბათიდან სკოლები კვლავ დაიკეტება.

საპროტესტო აქციების დაწყებიდან პირველად, შაბათს ჰონგ-კონგის ქუჩებში ჩინეთის სახალხო გამათავისუფლებელი არმია გამოჩნდა. მათ ქუჩები ბარიკადებისაგან გაათავისუფლეს, თუმცა მათმა გამოჩენამ აქციის მონაწილეების გაღიზიანება გამოიწვია და მათ მთავრობას ახსნა-განმარტება მოსთხოვეს.

შეგახსენებთ, რომ ჰონგ-კონგის აქციები თავდაპირველად ჰონგ-კონგიდან კონტინენტურ ჩინეთში ექსტრადიციის კანონპროექტის გაწვევის მოთხოვნით დაიწყო, რაც რამდენიმე თვეში დაკმაყოფილდა, თუმცა დროთა განმავლობაში მომიტინგეების მოთხოვნები გაიზარდა. ისინი ახლა პოლიციის უფლებამოსილების გადამეტების დამოუკიდებელ გამოძიებას, თავისუფალ არჩევნებს და ზოგადად, პეკინის გაზრდილი გავლენისგან გათავისუფლებას ითხოვენ. აქციები არაერთხელ ძალადობრივად დაშალეს.

კომენტარები