პროპორციული საარჩევნო სისტემა

ნოდია: ელემენტარული პოლიტიკური ლოგიკა არ გვიტოვებს შანსს, "აჯანყების თეორია" დავიჯეროთ

ცოტა ძალიან მიკვირს, მაგრამ ზოგ ადამიანს, ვისზეც არ ვფიქრობ, რომ ბიძინა უხდის ფულს, სჯერა, რომ ის მართლა უჭერდა მხარს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, მაგრამ მაჟორიტარები აუჯანყდნენ.

კონსპირაციის თეორიები მეც არ მიყვარს. იმისაც მჯერა, რომ "ქართული ოცნების" დეპუტატებს შეიძლება საკუთარი ინტერესები, ხანდახან კი პრინციპებიც ჰქონდეთ და მთლად ყველა "ბიძინას გოშია" არ არის (ისე, ვინც არ იყო, ამ დღეებში გამოვიდა უმრავლესობიდან).

ისიც ცხადია, რომ მაჟორიტარული წესით არჩეულ დეპუტატებს მართლა არ ენდომებოდათ ამ სისტემის გაუქმება. თუმცა, ამ ლოგიკით, ეს არც ერთი სისტემით არჩეულ „მეოცნებეს“ არ უნდა სდომოდა, რადგან პროპორციული სისტემით მათ პარტიას 2020-ის არჩევნებში უმრავლესობის მიღების შანსი არ ჰქონდა, ხოლო არსებული შერეული სისტემით თითქმის გარანტირებული აქვს (ან ასე ითვლება).

ის, რომ, კონკრეტულად ეს ადამიანები ამ გადასვლით თავის რაიონებს "კარგავდნენ", ზღაპარია. ისინი მაჟორიტარები არიან იმიტომ და მხოლოდ იმიტომ, რომ პარტიამ, ანუ ბიძინამ, დააყენეს თავის კანდიდატებად. შეუძლებელია, ბიძინას ნების წინააღმდეგ წასვლა მათ ინტერესებში იყოს.

ისინი რომ მართლა პარტიის ლიდერის ნების წინააღმდეგ წასულიყვნენ, ლოგიკურად, სწორედ მათ უნდა დაეტოვებინათ უმრავლესობა. ამის მაგალითი ახლო წარსულში გვაქვს: ვინც მოსამართლეების დანიშვნის საკითხში "გუნდს" არ დაეთანხმა, ნათლად უთხრეს, რომ "გუნდი" უნდა დაეტოვებინათ. ახლა უთხრა ვინმემ, ასეთ პრინციპულ საკითხზე რომ არ გვეთანხმებით, რატომ არ მიდიხართო? თუ მართლა წახვედი პოლიტიკური პატრონის წინააღმდეგ, უნდა წახვიდე, ასეა წესი.

პირიქით, უმრავლესობა იმან დატოვა, ვინც ვითომ ბიძინას პოზიცია დაიცვა ხმის მიცემის დროს. რატომ დატოვეს? მე მხოლოდ ერთი ახსნა მაქვს: მათთვის ნათელი გახდა: ბიძინას ნება სინამდვილეში ის იყო, რაც ვითომ "აჯანყებულებმა" გამოხატეს. ბიძინამ მათაც გაუკეთა "ტრიუკი", რაც პირადად მათთვის შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა.

მხოლოდ ეს ბოლო არგუმენტი საკმარისი უნდა იყოს "აჯანყების თეორიის“ გასაბათილებლად. ელემენტარული პოლიტიკური ლოგიკა არ გვიტოვებს შანსს, რომ მას დავუჯეროთ

პოლიტიკის მეცნიერი გია ნოდია საუბრობს იმ თეორიაზე, რომლის მიხედვითაც, ქართული ოცნების ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს, პროპორციული საარჩევნო სისტემის მიღება მართლაც უნდოდა და იმ მაჟორიტარი დეპუტატების გადაბირება ვერ შეძლო, რომლებიც კანონპროექტის წინააღმდეგ წავიდნენ.

კომენტარები