არჩევნები 2020

ყაველაშვილი: ყველა სისტემას დავუპირისპირდები, სადაც ენმ-ს ექნება მეტი შანსი, რაც დღეს აქვს

ტაბულა

ქართული ოცნების დეპუტატის მიხეილ ყაველაშვილის შეფასებით, პროპორციულ სისტემაზე გადასვლით არსებობს რისკი, რომ "ქვეყნის სტაბილურობას და უსაფრთხოებას საფრთხე შეექმნება". ყაველაშვილმა უმრავლესობის სხდომაზე შესვლამდე თქვა, რომ ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საზოგადოებისთვის მიცემული პირობის შესრულება.

"რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ პირობას აძლევ საზოგადოებას და შენ გადადიხარ პროპორციულ სისტემაზე. თუმცა უნდა ვიცოდეთ ყველამ, რომ მთავარი ამომავალი წერტილი არის ქვეყნის სტაბილურობა და უსაფრთხოება. თუ საფრთხე ემუქრება ჩვენი ქვეყნის მომავალს და სტაბილურობას...

ეს დღეები მე ცოტა ემოციური ვიყავი და გუშინ უმრავლესობის სხდომაზე დავსვი ეს კითხვა, დავასახელე რისკები და მაინტერესებდა პასუხები. სიმართლე გითხრათ, ვერ მივიღე დამაჯერებელი პასუხი იმაზე, რომ ეს რისკები არ იარსებებდა. აქედან გამომდინარე, მე ჯერჯერობით დღეს კიდევ მაქვს საშუალება იმისა, რომ მივიღო ამაზე პასუხები და დავფიქრდე კიდევ კარგად, კენჭისყრამდე. თუმცა უნდა გითხრათ, რომ რაზეც საუბრობდი, რომ ის ძალა, რომელიც დესტრუქციით გამოირჩევა და ვერავინ ვერ დამარწმუნებს, ყველამ ვიცით რეალობა  - ვინ წარმოადგენს ქართული ოცნების ალტერნატივას, ამ ძალის სათავეში არის ადამიანი, რომელიც ისევ ძალადობაზე მოუწოდებს, ისევ წართმევაზე, დესტრუქციაზე, ეს არის მიხეილ სააკაშვილი... 

ნებსიმიერი სისტემას დავუპირისპირდები, სადაც ნაციონალური მოძრაობა მინიმუმ რაც დღეს არის წარმოდგენილი, იმდენ ხმას აიღებს, ჩემთვის ეს მიუღებელია, რადგან ნაციონალურ მოძრაობას მე არ ვთვლი პოლიტიკურ ძალად. ყველა სისტემას დავუპირისპირდები, სადაც ნაციონალურ მოძრაობას ექნება იმაზე მეტი შანსი, რაც დღეს აქვს. თუ ჩემო კოლეგები გადამარწმუნებენ, რომ ეს საფრთხე არ არსებობს, მაშინ მივიღებ სხვა გადაწყვეტილებას" - ამბობს ყაველაშვილი.

მმართველი გუნდის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას გულისხმობს, 0%-იანი ბარიერით და ბლოკებად გაერთიანების აკრძალვით, პარლამენტი ორი დღეა, განიხილავს. გუშინ პროექტის კენჭისყრა უნდა გამართულიყო, თუმცა, მმართველი გუნდის ნაწილი მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას მხარს არ უჭერს. მათ შორის არის დიმიტრი ხუნდაძეც. კენჭისყრა დღეისთვის გადაიდო. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ქართულ ოცნებაში ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობაა საჭირო.

კომენტარები