მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში მივიდა, სადაც უმრავლესობის სხდომა იწყება. დიმიტრი ხუნდაძის თქმით, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ, ის აზრის შეცვლას არ აპირებს.
"კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, ჩვენ საკმაოდ ბევრნი ვართ, ძირითადად არიან მაჟორიტარები, მაგრამ არამხოლოდ მაჟორიტარები. ეს ადამიანები არიან გულწრფელები. ჩვენი მთავარი მიზანია, ქვეყანა არ შევიყვანოთ გრძელვადიან ქაოსში" - ამბობს ხუნდაძე და აღნიშნავს, რომ სანაცვლოდ, მას თანამოაზრეებთან ერთად, ინიციატივა აქვს.
"იმ საარჩევნო ოლქებში, სადაც კონკრეტულ წარმომადგენლებს, სხვადასხვა პარტიებს, ექნებათ საშუალება, რომ დააყენონ კონკურენტუნარიანი კანდიდატი, მზად ვართ, არ დავუყენოთ კონკურენტი და შევინარჩუნოთ მრავალფეროვნება და მრავალპარტიულობა პარლამენტში. მაგრამ ეს არ უნდა იყოს არც ნაციონალური მოძრაობის, არც მასთან ასოცირებული განაყარი და შვილობილი პარტიების კანდიდატი" - თქვა ხუნდაძემ.
კითხვაზე, ბიძინა ივანიშვილი ვერ ახერხებს მის დარწმუნებას?, მცხეთის მაჟორიტარი პასუხობს - "მე ვერავინ ვერ დამარწმუნებს, ვერც მე და ვერც ჩემს თანამოაზრეებს, რომ ქვეყანა შევიყვანოთ გრძელვადიან ქაოსში, ამაზე ძალიან ბევრი ვისაუბრეთ, ჩვენ გვაქვს შეთავაზება, რომელსაც უმრავლესობას ვეტყვით".
მმართველი გუნდის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას გულისხმობს, 0%-იანი ბარიერით და ბლოკებად გაერთიანების აკრძალვით, პარლამენტი ორი დღეა, განიხილავს. გუშინ პროექტის კენჭისყრა უნდა გამართულიყო, თუმცა, მმართველი გუნდის ნაწილი მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას მხარს არ უჭერს. მათ შორის არის დიმიტრი ხუნდაძეც. კენჭისყრა დღეისთვის გადაიდო. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ქართულ ოცნებაში ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობაა საჭირო.





