ქართულ ოცნებაში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა იწყება. ცენტრალურ ოფისთან დეპუტატები იკრიბებიან. შეხვედრაზე პროპორციულ სისტემაზე გადასვლაზე უნდა იმსჯელონ, რასაც ბოლო ორი დღეა, ქართული ოცნების მაჟორიტართა ნაწილი ეწინააღმდეგება.
ქართული ოცნების დეპუტატმა რომან კაკულიამ სხდომაზე შესვლამდე თქვა, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა "სრულიად საზოგადოების მოთხოვნა არ ყოფილა", თუმცა, მისი აზრით, კანონპროექტის ჩავარდნა მთლიანად საზოგადოებაში გააჩენს ხელისუფლების უპასუხისმგებლო მიდგომის განცდას.
ქართული ოცნების მაჟორიტარის დიმიტრი ხუნდაძის თქმით კი, ის აზრის შეცვლას არ აპირებს.
"კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, ჩვენ საკმაოდ ბევრნი ვართ, ძირითადად არიან მაჟორიტარები, მაგრამ არამხოლოდ მაჟორიტარები. ეს ადამიანები არიან გულწრფელები. ჩვენი მთავარი მიზანია, ქვეყანა არ შევიყვანოთ გრძელვადიან ქაოსში.
იმ საარჩევნო ოლქებში, სადაც კონკრეტულ წარმომადგენლებს, სხვადასხვა პარტიებს, ექნებათ საშუალება, რომ დააყენონ კონკურენტუნარიანი კანდიდატი, მზად ვართ, არ დავუყენოთ კონკურენტი და შევინარჩუნოთ მრავალფეროვნება და მრავალპარტიულობა პარლამენტში. მაგრამ ეს არ უნდა იყოს არც ნაციონალური მოძრაობის, არც მასთან ასოცირებული განაყარი და შვილობილი პარტიების კანდიდატი" - ამბობს ხუნდაძე.
კითხვაზე, ბიძინა ივანიშვილი ვერ ახერხებს მის დარწმუნებას?, მცხეთის მაჟორიტარი პასუხობს - "მე ვერავინ ვერ დამარწმუნებს, ვერც მე და ვერც ჩემს თანამოაზრეებს, რომ ქვეყანა შევიყვანოთ გრძელვადიან ქაოსში, ამაზე ძალიან ბევრი ვისაუბრეთ, ჩვენ გვაქვს შეთავაზება, რომელსაც უმრავლესობას ვეტყვით".
მმართველი გუნდის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას გულისხმობს, 0%-იანი ბარიერით და ბლოკებად გაერთიანების აკრძალვით, პარლამენტი ორი დღეა, განიხილავს. გუშინ პროექტის კენჭისყრა უნდა გამართულიყო, თუმცა, მმართველი გუნდის ნაწილი მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას მხარს არ უჭერს. მათ შორის არის დიმიტრი ხუნდაძეც. კენჭისყრა დღეისთვის გადაიდო. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ქართულ ოცნებაში ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობაა საჭირო.





