ტერორიზმი

თურქეთის წარმომადგენლების თქმით ჩრდილოეთ სირიაში აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის და დააკავეს

Reuters

თურქეთის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ჩრდილოეთ სირიაში, ქალაქ აზაზში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ყოფილი ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის და დააკავეს.

65 წლის რასმია ავადი ქმართან და რძალთან ერთად დააკავეს. ამჟამად მათი დაკითხვა მიმდინარეობს. მათ თან ახლდათ 5 არასრულწლოვანი.

თურქეთის წარმომადგენლებს იმედი აქვთ, რომ მათგან ტერორისტული ორგანიზაციის შიდა საქმიანობის შესახებ ინფორმაციას მოიპოვებენ.

პრეზიდენტ ერდოღანის კომუნიკაციების დირექტორის თქმით მათი დაკავება იმაზე მიუთითებს, რომ თურქეთი მზადაა ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს ებრძოლოს და ამაში ეჭვი არავინ უნდა შეიტანოს.

ჯერ-ჯერობით დაუდასტურებელია, არის თუ არა დაკავებული მართლად ალ-ბაღდადის და.

შეგახსენებთ, რომ 27 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ ამერიკული სპეციალური დანიშნულების რაზმის მიერ სირიაში, იდლიბის პროვინციაში ჩატარებული ოპერაციის შედეგად ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი ლიკვიდირებული იყო.

29 ოქტომბერს მან საკუთარ ტვიტერზე დაწერა, რომ ალ-ბაღდადის სავარაუდო შემცვლელიც მოკლულია. მას კონკრეტული ვინაობა არ დაუსახელებია, თუმცა, სავარაუდოდ, იგულისხმება ე.წ. ისლამური სახელმწიფოს სპიკერი აბუ ალ-ჰასან ალ-მუჰაჯირი. აშშ-მა მისი სიკვდილი ოფიციალურად 28 ოქტომბერს დაადასტურა.

აშშ-მა ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის ოპერაციის დეტალები და კადრებიც გაასაჯაროვა.

ტერორისტულმა დაჯგუფებამ ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის სიკვდილი დაადასტურა და ახალი ლიდერი დაასახელა.

მათ Telegram-ზე გაავრცელეს აუდიო ჩანაწერი, რომელშიც ნათქვამია, რომ ჯიჰადისტური დაჯგუფების ახალი "ხალიფა" აბუ იბრაჰიმ ალ-ჰაშემი ალ-კურაიში იქნება.

მისი სახელი უშიშროების ძალებისათვის ცნობილი არაა. ტერორისტულ დაჯგუფებას მის შესახებ რაიმე ინფორმაცია ნა ფოტო არ გაუვრცელებია, თუმცა ამბობენ, რომ ის "ჯიჰადის წამყვანი ფიგურა" და "ვეტერანი ჯიჰადისტია", რომელსაც აშშ-ის წინააღმდეგ წარსულშიც უბრძოლია.

კომენტარები