არჩევნები 2020

იურიდიულმა კომიტეტმა პროპორციული არჩევნების ჩატარებაზე საკონსტიტუციო პროექტს მხარი დაუჭირა

ტაბულა

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების თაობაზე, კონსტიტუციური კანონის პროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირა.

პროექტის მიხედვით, მომდევნო არჩევნების შედეგად თითოეული პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 150-ზე და იყოფა არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე. მანდატს (მანდატებს) მიიღებს ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც სულ მცირე ერთი მანდატის მისაღებად საკმარის ხმების რაოდენობას მიიღებს.

პარლამენტის მომდევნო არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულ პოლიტიკურ პარტიას, რომლის მხარდაჭერა ორგანული კანონით დადგენილი წესით დადასტურებულია არანაკლებ 5 000 ამომრჩევლის ხელმოწერით.

პარლამენტის მომდევნო არჩევნებში მონაწილეობისთვის არანაკლებ 5 000 ამომრჩევლის მხარდაჭერის დადასტურების ვალდებულებისგან თავისუფლდება კვალიფიციური პოლიტიკური პარტია, ყველა პოლიტიკური პარტია, რომელიც დამოუკიდებლად ან საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში მონაწილეობდა პარლამენტის ან ადგილობრივ თვითმმართველობის ბოლო არჩევნებში, თუ მან ან შესაბამისმა საარჩევნო ბლოკმა ერთ-ერთ არჩევნებში მაინც პროპორციული წესით 15 000 ხმა მაინც მიიღო. აგრეთვე, ყველა პოლიტიკური პარტია, რომლის მიერ წარდგენილმა ან რომლის წევრმა კანდიდატმა საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნების პირველ ტურში 15 000 ხმა მაინც მიიღო.

მომდევნო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ხელისუფლება მას შემდეგ დათანხმდა, რაც 20 ივნისის აქციის დარბევის შემდეგ, საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. ამასთან, ქართული ოცნების ინიციატივით, 2020 წლის არჩევნები 0%-იანი ბარიერით ჩატარდება.

კომენტარები