არგენტინა

არგენტინას ახალი პრეზიდენტი ჰყავს - ალბერტო ფერნანდესმა მაურისიო მაკრის დამარცხება შეძლო

euronews.com

არგენტინას ახალი პრეზიდენტი ჰყავს. ცენტრისტული მემარცხენე იდეოლოგიის მქონე კანდიდატმა, ალბერტო ფერნანდესმა, 27 ოქტომბერს გამართულ არჩევნებში 45%-ზე მეტი დააგროვა, რაც არჩევნებში გამარჯვებისთვის საკმარისი იყო. ფერნანდესმა მოქმედი პრეზიდენტი მაურისიო მაკრი დაამარცხა.

მაკრიმ დამარცხება 27 ოქტომბერს, საღამოს აღიარა. ფერნანდესისთვის მისალოც ტექსტში, მან აღნიშნა, რომ ახლადარჩეული პრეზიდენტი 28 ოქტომბერს საპრეზიდენტო სასახლეში სადისკუსიოდ მიიწვია. 

Reuters-ის ინფორმაციით, ფერნანდესმა მოგვიანებით მხარდამჭერებს უთხრა, რომ ის მოქმედ პრეზიდენტთან თანამშრომლობას ყველა გზით შეიცვალა. 

ამ დროისთვის ხმების 90%-ზე მეტია დათვლილი, საიდანაც ფერნანდესს 47.79% აქვს, მაკრის კი - 40.71%. პირველ ტურში გასამარჯვებლად კანდიდატს ხმების, მინიმუმ, 45% სჭირდება, ან 40%, თუმცა ამ შემთხვევაში მეორე ადგილზე გასულ კანდიდატს 10 ქულით უნდა უსწრებდეს. 

ფერნანდესი ოფიციალურად პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას 10 დეკემბრიდან შეუდგება. 

არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ჩატარებული კვლევების მიხედვით, ალბერტო ფერნანდესის გამარჯვება მოსალოდნელი იყო. 

ეკონომიკური კრიზისის, ინფლაციისა და უმუშევრობის გაზრდილი მაჩვენებლის პირობებში ფერნანდესს "სოციალისტური კონტრაქტის" დაპირებებმა მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მოუტანა. მიუხედავად იმისა, რომ ფერნანდესი მიმდინარე წლამდე პოლიტიკურ წრეებში შედარებით ნაკლებად ცნობილი ფიგურა იყო, მან მალევე შეძლო პოპულარობის მოპოვება. 

ფერნანდესის გამარჯვებით მთავრობაში ყოფილი პრეზიდენტი, პოპულისტი კრისტინა ფერნანდეს დე კირხნერი დაბრუნდება. 

არჩევნების შედეგები გავლენას მხოლოდ ქვეყნის მომავალზე არ მოახდენს. არგენტინა მარცვლეულის უმხვილესი ექსპორტიორია და ვაკა მუერტას ნავთობისა და ბუნებრივი აირის შელფური საბადოების აღმოჩენის შემდეგ შესაძლოა, ამ კუთხითაც მნიშვნელოვანი ექსპორტიორი გახდეს. გარდა ამისა, ქვეყანა ამჟამად $100 მილიარდის ოდენობის სესხის რესტრუქტურირებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

კომენტარები