არჩევნები 2020

კობახიძე: ვფიქრობ, 2020-ში ხმების 60%-ს მივიღებთ, 20%-ს - ენმ და ევსაქები, 20%-ს - სხვა პარტიები 

ირაკლი კობახიძის აზრით, 2020 წლის არჩევნების შემდეგ ხმები ასე გადანაწილდება - 60%-ს ქართული ოცნება მიიღებს, 20%-ს ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო გაინაწილებენ, ასევე 20%-ის ხმები კი დანარჩენ ოპოზიციურ სპექტრზე გადანაწილდება. 

ქართული ოცნების წევრმა და პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ კომენტარი პარლამენტში გააკეთა, სადაც მან პალიტრანიუსის ეთერში გაკეთებული მსგავსი განცხადებები განმარტა - გუშინ, 14 ოქტომბერს მან თქვა, რომ "თუ მმართველი გუნდი ხმების 45% მაინც ვერ მიიღებს, შეიძლება, კოალიციის შექმნა შეუძლებელი გახდეს". 

"რაც შეეხება 45%-ს, ეს იყო და არის მარტივი არითმეტიკა. აქ საუბარია მარტივ კალკულაციაზე, რომელიც გვაძლევს იმის კალკულაციის შესაძლებლობას, რა შემთხვევაში გახდება შესაძლებელი კოალიციის ფორმირება. 

ჩვენ ვიცით, როგორია სპექტრი და ჩვენი ვარაუდით, ეს სპექტრი დიდად არ შეიცვლება. 

არსებული სპექტრის პირობებში გამარჯვებულმა პარტიამ უნდა მიიღოს 45% მაინც, იმისთვის, რომ შედგეს კოალიცია. გამარჯვებულ პარტიას რაც შეეხება, არავის ეჭვი არ ეპარება, რომ ეს იქნება ქართული ოცნება. 

თუმცა, 45% არ არის ჩვენი მიზანი და ამოცანა. მე ვფიქრობ, რეალური სურათი, რაც შეიქმნება არჩევნების შემდეგ, არის 60/20/20. 60% ეს არის ქართული ოცნება, 20% არის ნაციონალური მოძრაობა თავისი ევროპული საქართველოთი და 20% დანარჩენი ოპოზიცია. ეს არის ქართული ოცნებისთვის მიღწევადი შედეგი", - თქვა ირაკლი კობახიძემ. 

მისივე თქმით, ქართული ოცნება კოალიციას ვერ ჩამოაყალიბებს კოალიციას ენმ-სთან და ევროპულ საქართველოსთან, ისევე როგორც პატრიოტთა ალიანსთან.

"გამომდინარე იქიდან, რომ არიან პარტიები, რომლებთანაც ქართული ოცნებისთვის შეუძლებელია კოალიციის შექმნა, მაგალითად, ეს არის ენმ თავისი ყველა განშტოებით (ევროპული საქართველო), ეს არის პარტიები, რომლებიც ღიად აცხადებენ, რომ საქართველო არ უნდა გახდეს ნატოს წევრი, რომლებიც უპირისპირდებიან დასავლური ინტეგრაციის მიზანს (პატრიოტთა ალიანსი). ზუსტად აქ რჩება 5%-იანი სივრცე. თუმცა, მე დარწმუნებული ვარ, ეს მარჩიელობა ჩვენ არ დაგვჭირდება. დარწმუნებული ვარ, არჩევნების წინ და შემდეგ ჩვენ შევძლებთ ისეთი შედეგის მიღწევას, რომელიც არ გახდის საჭირო კოალიციის შექმნას.მე ვფიქრობ, 5%-იან სივრცეში იქნება მანევრირების საშუალება, სადაც შეიძლება დალაგდეს კოალიცია".

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, 0%-იანი ბარიერის პირობებში უნდა ჩატარდეს.

კომენტარები