დონალდ ტრამპი

ტრამპი: ნობელის პრემიას ბევრი რამისთვის მივიღებდი სამართლიანად რომ გასცემდნენ [Video]

პაკისტანის პრემიერმინისტრთან შეხვედრის შემდეგ ტრამპს ჟურნალისტმა კითხვა ქაშმირის საკითხზე დაუსვა და თქვა, რომ ამ პრობლემის გადაჭრისთვის ის ნობელის პრემიას დაიმსახურებს.

ამაზე ტრამპმა თქვა, რომ ნობელის პრემიას ბევრი რამისთვის იმსახურებს, მაგრამ უსამართლოდ გასცემენ:

"ჩემი აზრით ნობელის პრემიას ბევრი რამისთვის მივიღებდი მას რომ სამართლიანად გასცემდნენ,თუმცა ასე არ ხდება. ობამას პრეზიდენტის პოსტის დაკავებისთანავე მისცეს და მას წარმოდგენა არ ჰქონდა, რისთვის მიიღო პრემია. და იცით რა? ეს ერთადერთია, რაშიც ობამას ვეთანხმები." თქვა ტრამპმა.

ბარაკ ობამას მშვიდობის დარგში ნობელის პრემია პოსტის დაკავებიდან 10 თვეში გადასცეს "საერთაშორისო დიპლომატიის და ხალხებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების საქმეში განსაკუთრებული ძალისხმევისათვის."

გასულ წელს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის 18-მა რესპუბლიკელმა წევრმა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 2019 წლისათვის ნობელის პრემიაზე წარადგინა.

ნორვეგიის ნობელის კომიტეტისათვის გაგზავნილ წერილში ამერიკელი კანონმდებლები აღნიშნავენ, რომ კორეის ომის დასრულების და ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაციისათვის ტრამპი მშვიდობის დარგში ამ პრემიის მიღებას იმსახურებს.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, მუნ ჯე ინმა თქვა, რომ ჩრდილოეთ კორეასთან დაპირისპირების დასრულებასა და კორეის ნახევარკუნძულის სამომავლო დენუკლეარიზაციაში გაწეული წვლილისათვის აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიას იმსახურებს.

თუმცა, ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის უკანასკნელი შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა და ჩრდილოეთ კორეამ იარაღის გამოცდა გააგრძელა.

კომენტარები