ტერორიზმი

ტრამპმა დაადასტურა, რომ ალ-ქაიდას დამფუძნებლის, ოსამა ბინ ლადენის შვილი ჰამზა მკვდარია

ჰამზა ბინ ლადენი
CIA

ალ-ქაიდას ლიდერის შვილი და ტერორისტული ორგანიზაციის წევრი ჰამზა ბინ ლადენი მკვდარია. ინფორმაცია აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა.

"ჰამზა ბინ ლადენი, ალ-ქაიდას მაღალი რანგის წევრი და ოსამა ბინ ლადენის ვაჟი, ავღანეთის/პაკისტანის რეგიონში აშშ-ის კონტრტერორისტული ოპერაციის დროს მოკლეს," - აღნიშნა ტრამპმა თეთრ სახლში.

თებერვალში აშშ-ის მთავრობამ ინფორმაციის სანაცვლოდ, რაც მის დაჭერაში დაეხმარებოდათ, 1 მილიონი აშშ დოლარი დააწესა ჯილდოდ. 

"ჰამზა ბინ ლადენის სიკვდილი ალ-ქაიდას არამხოლოდ ლიდერის მნიშვნელოვან უნარებს და მამამისთან მის სიმბოლურ კავშირს ართმვს, არამედ ძირს უთხრის დაჯგუფების ოპერატიულ საქმიანობას," - თქვა ტრამპმა.

ჰამზას სიკვდილის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად აგვისტოში აშშ-ის დაზვერვის წარმომადგენლებმა გაავრცელეს, თუმცა სხვა დეტალები ცნობილი არ იყო.

ჰამზა ბინ ლადენი დაახლოებით 30 წლის იყო და აშშ-სა და სხვა ქვეყნებზე თავდასხმის მოწოდების შემცველ ვიდეო მესიჯებს ავრცელებდა. ის ჯიჰადისტებს მოუწოდებდა შური ეძიათ 2011 წელს პაკისტანში აშშ-ის სპეციალური ძალების მიერ ოსამა ბინ ლადენის მოკვლისათვის. გარდა ამისა, ის არაბეთის ნახევარკუნძულზე მცხოვრებ მოსახლეობას ამბოხებისაკენ მოუწოდებდა, რის გამოც საუდის არაბეთმა მას მოქალაქეობა ჩამოართვა.

2011 წელს ოსამა ბინ ლადენის სახლიდან ამოღებული დოკუმენტების მიხედვით ალ-ქაიდას შემდეგ ლიდერად სწორედ ჰამზას ამზადებდნენ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით ჰამზამ ცოლად 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის ერთ-ერთი ორგანიზატორის და შემსრულებლის, მუჰამედ ატას ქალიშვილი მოიყვანა.

აშშ-მა ჰამზა გლობალური ტერორისტების სიაში 2 წლის წინ შეიყვანა.

კომენტარები