არჩევნები 2020

ვოლსკი ევსაქების და თავდემების მოწოდებაზე: ეს პირდაპირი მოწოდებაა დესტაბილიზაციისკენ

ტაბულა

"ეს პირდაპირი მოწოდებაა დესტაბილიზაციისკენ, ვინაიდან, თუკი არ შეიქმნება შესაბამისი რაოდენობის უმრავლესობა პარლამენტში, ვერ დამტკიცდება მთავრობა", - ასე აფასებს ტაბულასთან საუბარში ქართული ოცნების წევრი გია ვოლსკი ევროპული საქართველოსა და თავისუფალი დემოკრატების მოწოდებას პროდასავლური ოპოზიციური პარტიების მიმართ.

ვოლსკის შეფასებით, ეს მოწოდება კრიზისის წინაპირობაა, არა მხოლოდ არჩევნეის შემდეგ, არამედ არჩევნებამდეც, რადგან, როგორც დეპუტატი განმარტავს, ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს პოლიტიკის მთავარი ამოცანაც სწორედ კრიზისის შექმნაა.

"ევროპული საქართველო არ მგონია ევროპული სტანდარტების დამკვიდრებით იყო დაკავებული 2004-2012 წლებში, დანაშაულებების რაოდენობა, ხარისხი და შინაარსი, არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტს, ან ნაციონალური მოძრაობა რატომ მიაჩნიათ ევროპულად, ან საკუთარი თავი. 

ისინი გამოხატავენ გარკვეულ შიშს და შეშფოთებას, რომ სხვა პარტიებიც გამოჩნდებიან პოლიტიკურ ველზე და წინასწარ მათ ეუბნებიან, რომ ევროპული ნიშა თავად აქვთ დაკავებული და სხვას არ ჩათვლიან, თუ არა ნაციონალურ მოძრაობას და საკუთარ თავს", - ამბობს გია ვოლსკი ტაბულასთან საუბარში.

დღეს, 13 სექტემბერს, გამართულ ბრიფინგზე, ევროპულმა საქართველომ და თავისუფალმა დემოკრატებმა პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდეს, მკაფიოდ განაცხადონ, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ, ქართულ ოცნებასთან კოალიციაში არ შევლენ და მთავრობას არ დააკომპლექტებინებენ.

კომენტარები