ჰონგ-კონგი

გაერთიანებული სამეფო ჰონგ-კონგში ექსტრადიციის კანონპროექტის გაწვევას მიესალმება

დომინიკ რააბი
Reuters

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა განაცხადა, რომ ის მიესალმება ჰონგ-კონგის ლიდერის კერი ლამის გადაწყვეტილებას ჩინეთში ექსტრადიციის კანონპროექტის უკან გაწვევაზე.

"ეს მისასალმებელი ნდობის აღდგენის ნაბიჯებია. ვიმედოვნებ, რომ ეს ნაბიჯები ჰონგ-კონგის მთავრობასა და ხალხს, რომელსაც ის ემსახურება, შინაარსიან დიალოგამდე მიიყვანს," - ვკითხულობთ რააბის განცხადებაში.

ორი დღის წინ რააბმა ჰონგ-კონგის მთავრობას პოლიციის ძალის გადამეტებაზე დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდა. 

4 სექტემბერს ჰონგ-კონგის ლიდერმა კერი ლამმა ექსტრადიციის კანონპროექტის გაწვევა საჯაროდ დააანონსა. 

კერი ლამმა განაცხადა, რომ მიმდინარე თვიდან ის და მთავრობის წევრები ხალხთან პირდაპირ დიალოგს დაიწყებდნენ. 

მიმდინარე წლის ივნისიდან აღნიშნული კანონპროექტის წინააღმდეგ ჰონგ-კონგში მილიონობით მოქალაქე გამოვიდა. კანონპროექტს 1997 წლის შემდეგ ყველაზე დიდი საპროტესტო აქციები მოყვა, რაც დღემდე გრძელდება.

ექსტრადიციის კანონპროექტით ჰონგ-კონგელი დამნაშავეების გასამართლება კონტინენტურ ჩინეთში იქნებოდა შესაძლებელი, სადაც ადამიანის უფლებებს არ იცავენ.

კანონპროექტის გაწვევის დაანონსებამდე ორი დღით ადრე მოპარული აუდიო ჩანაწერები გავრცელდა, სადაც ჰონგ-კონგის ლიდერი კერი ლამი ქალაქის პოლიტიკურ კრიზისს თავის თავს აბრალებდა და ამბობდა, რომ ეს "უპატიებელი" იყო. ჩანაწერში ლამის თქმით, არჩევანი რომ ჰქონოდა, ის გადადგებოდა. 

მეორე დღეს მან განაცხადა, რომ გადადგომა არასდროს განუხილავს და თქვა, რომ ეს "მარტივი არჩევანი" იქნებოდა. 

კანონპროექტის განხილვა ივნისში საპროტესტო აქციების შედეგად შეჩერდა, თუმცა მომიტინგეები მის სრულ გაწვევას ითხოვდნენ. 

თუმცა, ეს ჰონგ-კონგელი აქტივისტების ერთადერთი მოთხოვნა არ ყოფილა. საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას მთავრობის ქმედებისა და პოლიციის ძალის გადამეტების შედეგად პროტესტი ექსტრადიციის საკითხს გაცდა და მომიტინგეებმა საბოლოოდ კიდევ 4 მთავარი მოთხოვნა დაამატეს - თავისუფალი არჩევნები; აქციაზე დაპატიმრებულების გათავისუფლება; პოლიციის ქმედებების დამოუკიდებელი გამოძიება და საპროტესტო აქციების აღწერის, როგორც "არეულობის", შეწყვეტა.

ჯერჯერობით უცნობია, ექსტრადიციის კანონპროექტის გავწვევის შემდეგ საპროტსტო აქციები გაგრძელდება თუ არა.

შეგახსენებთ, რომ 14 კვირაა, რაც ჰონგ-კონგში პრო-დემოკრატიულ აქციებზე კონტინენტურ ჩინეთში ექსტრადიციის კანონპროექტსა და პეკინის გაზრდილ გავლენას აპროტესტებენ.

ჰონგ-კონგის პოლიციამ აქციები ცრემლსადენი გაზით, რეზინის ტყვიებით, ხელკეტით, წყლის ჭავლით, წიწაკის სპრეით და სხვა საშუალებებით არაერთხელ დაარბია. აქციებზე პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღიც გამოიყენა. აქციის მონაწილეებს პეკინის მომხრე მოძალადეთა ჯგუფიც არაერთხელ დაუპირისპირდა. დარბევის დროს, სულ მცირე, ერთმა ადამიანმა თვალი დაკარგა.

30 აგვისტოს ჰონგ-კონგში პოლიციამ არაერთი ცნობილი ოპოზიციონერი დააკავა, მათ შორის ჯოშუა ვონგიც, რომელიც 2014 წლის ქოლგების მოძრაობის ერთერთი ლიდერი იყო.

ოპოზიციონერი აქტივისტები 21 ივნისს უკანონო აქციის ორგანიზებასა და მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს. 

ოფიციალური პეკინი მხარს უჭერს კერი ლამსა და ჰონგ-კონგის პოლიციას, ჩინეთის წარმომადგენლობამ "არეულობაში" მომიტინგეთა ქმედებებს "ტერორისტული აქტები" უწოდა. არსებობს ეჭვი, რომ ჩინეთის მთავრობამ 1989 წელს თიანანმენის მსგავსად დაარბიოს აქციები. 29 აგვისტოს ჰონგ-კონგში ჩინეთის ჯარი შევიდა და როტაცია განახორციელა.

26 აგვისტოს ჩინეთის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრმა ჭაო ქეჭიმ ჰონგ-კონგთან, ჩინეთის გუანდუნის პროვინციაში ვიზიტის დროს, განაცხადა, რომ ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად დაარბევდა ყველა დამანგრეველ, ძალადობრივ ტერორისტულ აქტივობებს და ქვეყნის "სამხრეთის კარიბჭის" პოლიტიკურ უსაფრთხოებას დაიცავდა.

ჰონგ-კონგის საკანონმდებლო სისტემას პეკინის მომხრე უმრავლესობა აკონტროლებს. პეკინის იურიდიული სისტემა ადამიანის უფლებების დარღვევით მოქმედებს, თუმცა ჰონგ-კონგის მთავრობა მოსახლეობას ეუბნება, რომ ექსტრადიციის კანონში საშიში არაფერია. საკამათო კანონი არა მხოლოდ ჰონგ-კონგის იურიდიულ დამოუკიდებლობას, არამედ მსოფლიოს ერთერთ უდიდეს ფინანსურ ცენტრს უქმნის საფრთხეს. არაერთმა ბიზნესმენმა განაცხადა, რომ კანონი საფრთხეს შეუქმნის იმ თავისუფლებებს, რითაც ჰონგ-კონგში მყოფი ბიზნესმენები სარგებლობენ, გააქრობს ინვესტორთა ნდობას და ქალაქის კონკურენტულ უპირატესობას.

1997 წელს ბრიტანეთმა ტერიტორია ჩინეთს გადასცა "ერთი ქვეყნა, ორი სისტემის" პირობებით - ე.წ. ძირითადი კანონი, მინი კონსტიტუცია ჰონგ-კონგს განსაკუთრებულ ავტონომიას ანიჭებს, რაც კონტინენტური ჩინეთის კომუნისტური წყობისგან გამოხატვის თავისუფლებით, შეკრების თავისუფლებით, თავისუფალი მედიითა და ასევე დამოუკიდებელი სასამართლოთი განსხვავდება. ჰონგ-კონგს აქვს საკუთარი ეკონომიკური სისტემის მოდელი და საკუთარი ვალუტა. პეკინი კი მის საგარეო ურთიერთობებს, თავდაცვასა და ვიზის საკითხებს აკონტროლებს.

ძირითად კანონს ვადა 2047 წელს ეწურება. ამის შემდეგ ჰონგ-კონგის ავტონომიის ბედი, ჯერჯერობით, უცნობია.

კომენტარები