პანკისის ხეობა

გომელაური პანკისზე: შეიძლება მე უფრო მეტი სპეცდანიშნულების რაზმი შემეყვანა

პარლამენტი

სუს-ის ყოფილი უფროსის, შს მინისტრობის კანდიდატის, ვახტანგ გომელაურის თქმით, "დღევანდელი გადმოსახედიდან აპრილში პანკისის ხეობაში მეტ სპეცრაზმელს შეიყვანდა.". 

"პანკისის თემაში უნდა ჩარეულიყო პოლიცია და უნდა შესულიყო. მე სხვა რამე ვთქვი და არ მეშინია ამის გამეორება: შეიძლება, ამ გადმოსახედიდან, უფრო მეტი შემეყვანა სპეცდანიშნულების რაზმი, ვიდრე იქ იყო. შეცდომა ის იყო, რომ უფრო მეტი სამუშაო იყო ჩასატარებელი, უფრო მეტად უნდა გვემუშავა მოსახლეობასთან, არის სპეციფიკური ხეობა, სპეციფიკური რაიონია, აქედან გამომდინარე, მე არ ვფიქრობ, რომ შსს-ის შეცდომა ან სუს-ის - მთლიანად ხელისუფლების შეცდომა იყო, უფრო მეტი უნდა გვემუშავა. იმ კომპანიას, რომელიც შესულია და უნდა აეშენებინა, თუმცა, როდესაც უწვავენ ექსკავატორს, ტექნიკას, ხელით ეხებიან მის თანამშრომლებს, რა თქმა უნდა, პოლიცია უნდა შესულიყო და დაეცვა. თავიდან არ შეუყვანია მას [გახარიას] სპეცრაზმი, შევიდა 30-35 პოლიციელი და შემდგომ, როცა დაიძაბა თემა, მეც იმავეს გავაკეთებდი და რა თქმა უნდა, შევიყვანდი სპეცდანიშნულების დანაყოფს", - თქვა შს მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში რამდენიმე გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც მთავრობის განახლებულ შემადგენლობას უსმენენ. 

პანკისის ხეობაში ვითარება 21 აპრილს დილით დაიძაბა, მას შემდეგ, რაც ადგილზე ჰესის მშენებლობა დაიწყო, რასაც მოსახლეობის პროტესტი მოყვა. ადგილობრივი პანკისელების პროტესტს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხეობაში სპეციალური დანიშნულების რაზმის შეყვანით უპასუხა. შსს-მ თქვა, რომ უწყებას ეკონომიკის სამინისტრომ მიმართა. 

შედეგად, ადგილობრივები და სპეცრაზმელები ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ. სამართალდამცავები მოსახლეობის წინააღმდეგ რეზინის ტყვიებსა და ცრემლსადენ გაზს იყენებდნენ, მოსახლეობა კი მათ ქვებს ესროდნენ. ასევე, ადგილობრივებმა პოლიციის 2 მანქანა და ის ტრაქტორი დაწვეს, რომელიც ჰესის მშენებლობაზე მუშაობდა. 

სიტუაცია მას შემდეგ დაწყნარდა, რაც ხეობაში შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ჩავიდა და ადგილობრივებთან შეხვედრის შემდეგ პირობა დადო, რომ პანკისში ჰესი მხოლოდ მას შემდეგ აშენდება, რაც მოსახლეობის მხრიდან 90%-იანი თანხმობა იქნება.

მინისტრმა გახარიამ ასევე თქვა, რომ ის ხეობის უხუცეს წევრებთან იმაზეც შეთანხმდა, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც პოლიციელებს თავს დაესხა, შესაბამისად იქნებოდა დასჯილი.

კომენტარები