ევროპული საქართველო საგარეო ურთიერთობათა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომას არ დაესწრება, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, დავით ზალკანიანის სამთავრობო პროგრამის წარდგენას მოუსმენენ.
როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე ამბობს, ამ მთავრობის ხედვებში შეცვლილი არაფერი არ არის. შესაბამისად, მისი თქმით, ისინი არც საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატთან დასვამენ შეკითხვებს და არც რომელიმე სხვა საკომიტეტო მოსმენას დაესწრებიან მინისტრობის სხვა კანდიდატებთან.
"დღეს ივანიშვილის მიერ შემოთავაზებული გახარიას ე.წ ახალი მთავრობა იწყებს განხილვებს კომიტეტებზე, სადაც ისინი წარმოადგენენ სამთავრობო პროგრამას, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვაპირებთ პროგრამის განხილვაში რაიმე მონაწილეობა მივიღოთ იმიტომ, რომ არაფერი ამ მთავრობის ხედვებში შეცვლილი არ არის. ეს ყველაფერი იყო პოლიტიკური ნაბიჯი ივანიშვილის მხრიდან, რომ გამოეწვია საზოგადოება გახარიას დანიშვნით. რა თქმა უნდა, არანაირი ახალი ხედვა და არანაირი პრობლემის გადაჭრის ახალი გზები მათ მიერ შემოთავაზებული არ არის",- ამბობს კაპანაძე.
პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესი დღეიდან დაიწყება. მინისტრობის კანდიდატებს დღეს, საკომიტეტო ფორმატში მოუსმენენ.
დეპუტატების წინაშე პირველად საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი წარდგება, მას საგარეო ურთიერთობათა, ევროინტეგრაციისა და დიასპორის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოუსმენენ. დღის მეორე ნახევარში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, მიხეილ ბატიაშვილსა და ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს მოუსმენენ.
ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარია პრემიერის პოსტზე გუშინ წარადგინა. სამთავრობო ცვლილებების განხილვა პარლამენტში უკვე დაიწყეს. საკანონმდებლო ორგანო მთავრობის დამტკიცებას 8 სექტემბერს აპირებს.





