თბილისობა 2019

კალაძე მინსკში თბილისობა 2019-ს დაესწრო

თბილისის მერიის პრესსამსახური

ბელარუსის დედაქალაქში ვიზიტით მყოფი თბილისის მერი კახა კალაძე, მინსკის საქალაქო აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე ანატოლი სივაკთან ერთად, ფესტივალის „თბილისობა 2019“ გახსნის ღონისძიებას დაესწრო.  

თბილისის მერმა შეკრებილებს სიტყვით მიმართა და ბელარუს ხალხს „თბილისობის“ ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ფესტივალის ჩატარების ტრადიცია ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრობის კიდევ ერთი დასტურია.  

„თბილისი და მინსკი უკვე ხუთი წელია დაძმობილებული ქალაქები არიან. შარშან, როდესაც ჩვენს დედაქალაქში მინსკის დღეები აღინიშნა, ასევე გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი და ჩვენი ურთიერთობა  ახალ ეტაპზე გადავიდა. ეს თავისთავად გულისხმობს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას, რომელიც ამჯერად მინსკში „ქართული სახლის“ დაფუძნებით გამოიხატა. ეს სახლი ხელს შეუწყობს ქართული ნატურალური პროდუქტის პოპულარიზაციას, ექსპორტს და ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებსაც. 

ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო მინსკელ კოლეგებს, რომელთა ძალისხმევით, უკვე წლებია, აღინიშნება მინსკში თბილისობა, როგორც ჩვენი მტკიცე მეგობრობის დასტური. ამ ღონისძიებაზე სხვადასხვა გამოფენასა და კონცერტზე  წარმოდგენილია ქართული მუსიკა, ხელოვნება, სამზარეულო, ხალხური რეწვის ნიმუშები. ეს დღეები კიდევ უფრო კარგად აცნობს ბელარუს ხალხს და მინსკში ჩასულ სტუმრებს ჩვენს ქვეყანას, რაც დასაფასებელია. დღეს, აქ ძალიან სასიამოვნო გარემოა და მიხარია, რომ ამდენ გახარებულ ადამიანს ვხედავ. ასევე, მიხარია, რომ ქართველ და ბელარუს ხალხს შორის ასეთი თბილი და მეგობრული ურთიერთობები არსებობს. ჩემთვის, როგორც ქალაქის მერისთვის, საამაყოა, რომ ჩვენი ქალაქის დღე აღინიშნება ბელარუსის დედაქალაქ მინსკში. ჩვენთან ერთად არიან ქართული ესტრადის წარმომადგენლები და მთელი დღის განმავლობაში იქნება საკმაოდ საინტერესო სანახაობა, რომელიც საღამოს გალაკონცერტით დასრულდება“, - თქვა კახა კალაძემ. 

ბელარუსის დედაქალაქში ქართული კულტურის რიგით მეხუთე ფესტივალი „თბილისობა 2019“ იმართება, რომლის ფარგლებში, სხვადასხვა კულტურული ღონისძიება, მათ შორის, ექსპოზიციები, გამოფენები, კონცერტები იმართება. ასევე, წარმოდგენილია ქართული ღვინო და ქართული სამზარეულო.

კახა კალაძე მინსკს მოადგილე ილია ელოშვილთან და თბილისის მერიისა და თბილისის საკრებულოს დელეგაციასთან ერთად ეწვია.

კომენტარები