რუსთავი 2

NGO-ები: ეჭვგარეშეა, რ2-დან ჟურნალისტების გაშვების მიზეზი სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებაა

ლევან კალანდია

არასამთავრობო ორგანიზაციებმა რუსთავი 2-ის საკადრო ცვლილებების შესახებ განცხადება გაავრცელეს და არხის ახალი მენეჯმენტის ქმედებები უარყოფითად შეაფასეს. მათი თქმით, ეჭვგარეშეა, რომ რუსთავი 2-ის წამყვანი ჟურნალისტების სამსახურიდან გაშვება სინამდვილეში არხის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებაა.

"ხელმომწერი ორგანიზაციები უარყოფითად ვაფასებთ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ახალი მფლობელის მიერ განხორციელებულ და დაანონსებულ საკადრო ცვლილებებს. კერძოდ, არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ, სამსახურიდან გაათავისუფლა საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე და ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი, ხოლო ეკა კვესიტაძეს, გიორგი გაბუნიას და გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი ლაფერაშვილს შვებულებიდან დაბრუნებისთანავე დაატოვებინებს თანამდებობებს.

დღეს არხის დირექტორმა საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე საზოგადოებას აუწყა,  რომ გიორგი გაბუნიას, გიორგი ლაფერაშვილსა და ნოდარ მელაძესთან აპირებს სამართლებრივ დავას სარეკლამო კომპანია ინტერმედია პლუსთან 2015 წელს დადებული „თვალთმაქცური გარიგებების" გამო, საიდანაც მათ თითქოს ფინანსური სარგებელი მიიღეს. მისი განცხადებით, სწორედ ამ მიზეზითაა განპირობებული მათი გათავისუფლება, რადგან მას ვერ წარმოუდგენია, ედავოს ადამიანებს, რომლებიც ტელევიზიაში წამყვან თანამდებობებზე არიან დასაქმებულები.  ნანუკა ჟორჟოლიანის გათავისუფლების მიზეზად მის მიერ კომპანიის ინტერესების წინააღმდეგ გაკეთებული განცხადება დასახელდა. ეკა კვესიტაძის გათავისუფლების საფუძველი, კი სხვა არხის დაფუძნებაში მონაწილეობა აღმოჩნდა.

საყურადღებოდ მიგვაჩნია ნოდარ მელაძის მიერ გაკეთებული განაცხადება, რომლის მიხედვითაც ორი კვირის წინ შუამავლის მეშვეობით გადმოსცეს ბიძინა ივანიშვილის გზავნილი, სადაც ითხოვდნენ რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებაში დახმარების აღმოჩენას. მელაძე გათავისუფლებას სწორედ ამ მოთხოვნაზე მის უარს უკავშირებს. ნანუკა ჟორჟოლიანისთვის გათავისუფლების შესახებ სალიას განცხადება მოულოდნელი იყო, რადგან მისი თქმით, წინა დღეს მასთან მომავალი სეზონის გეგმებს განიხილავდა. ჟურნალისტი არხის დირექტორის გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს",- წერია განცხადებაში.

NGO-ები აღნიშნავენ, რომ მათი ცნობით, ნოდარ მელაძისა და ნანუკა ჟორჟოლიანისთვის არხის ახალ მენეჯმენტს მათი კუთვნილი ხელფასიც არ გადაუხდიათ, რაც მათზე არაპირდაპირი ზეწოლის მცდელობადაც შეიძლება ჩაითვალოს. 

არასამთავრობო ორგანიზაციების თქმით, ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა რუსთავი 2-ის ახალ მენეჯმენტს არაერთხელ მოუწოდეს, რომ არ ჩარეულიყო არხის კრიტიკულ სარედაქციო პოლიტიკაში და თავის მხრივ, მენეჯმენტმაც გასცა ასეთი დაპირებები.

NGO-ების განცხადებაში წერია, რომ მიუხედავად ამისა, რამდენიმე კვირაში ახალმა მენეჯმენტმა არხის საინფორმაციო უფროსის და ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული საგამოძიებო გადაცემის წამყვანის ნოდარ მელაძის, პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანების ეკა კვესიტაძისა და გიორგი გაბუნიას, არხის გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი ლაფერაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო და არხიდან გაათავისუფლეს ტელესივრცეში ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული გასართობი გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანიც.

"ბოლო პერიოდში  რუსთავი 2-ის ახალი მენეჯმენტი გამუდმებით მიუთითებდა არხზე არსებულ მძიმე ფინანსური მდგომარეობის შესახებ, რითიც, კომპანიისთვის და ჟურნალისტებისთვის არამდგრად გარემოს შექმნას უწყობდა ხელს. მეორე მხრივ კი ქართულ ტელესივრცეში გამორჩეულად მაღალი რეიტინგის მქონე ტელეწამყვანები გაათავისუფლა სამსახურიდან. ეს ყველაფერი აღრმავებს ეჭვებს ამ გადაწყვეტილებების პოლიტიკურ მოტივაციებთან დაკავშირებით. ასევე, ბოლო პერიოდში არხის მიერ არსებული პოლიტიკური ვითარების კრიტიკულად გაშუქება, როგორც ჩანს,  დამატებითი საფუძველი გახდა რუსთავი 2-ის ახალი მენეჯმენტისთვის აღნიშნული ფორსირებული გადაწყვეტილების მისაღებად.

აღნიშნულიდან გამომდინარე ეჭვგარეშეა, რომ  რუსთავი 2-ის წამყვანი ჟურნალისტების სამსახურიდან ბუნდოვანი მიზეზებით გაშვება სინამდვილეში არხის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებაა.

ცალსახაა, რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებული მოვლენები ნეგატიურ გავლენას ახდენს საქართველოში არსებულ მედია გარემოზე და უარყოფით გავლენას იქონიებს, როგორც მედიის თავისუფლებაზე, ასევე ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე",- წერია არასამართავრობო ორგანიზაციების განცადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ: 

  • საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
  • საზოგადოება და ბანკები
  • მედიის განვითარების ფონდი
  • ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
  • მწვანე ალტერნატივა
  • კვლევითი ჟურნალისტიკისა და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია
  • ლიბერალური აკადემია-თბილისი
  • საქართველოს ატლანტიკური საბჭო 

რუსთავი 2 გუშინ, 21 აგვისტოს დატოვეს კურიერის ჟურნალისტებმა და ოპერატორების ნაწილმა. 

2 დღეა, რუსთავი 2-ის ეთერში არ გადის საინფორმაციო გამოშვება. ეთერში მხატვრული ფილმები გადის. 

მას შემდეგ, რაც 20 აგვისტოს, წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა არხის დატოვების შესახებ პირდაპირ ეთერში განაცხადეს, კურიერი ეთერში აღარ გასულა. 

ჟურნალისტებმა რუსთავი 2 მას შემდეგ დატოვეს, რაც რამდენიმე მათგანი არხის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ "ინტერესთან კონფლიქტის" მოტივით გაათავისუფლა. 

კერძოდ: თავდაპირველად რუსთავი 2-დან გაუშვეს გიორგი გაბუნია, ნოდარ მელაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი, ეკა კვესიტაძე.

არხიდან წავიდნენ შუადღის გადაცემის წამყვანებიც, დღეს კი რუსთავი 2 კურიერი P.S-ის გუნდმა დატოვა.

2019 წლის 18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც, რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა. იმავე დღეს, საჯარო რეესტრმა ქიბარ ხალვაშს ტელეკომპანიის წილები დაურეგისტრირა, ახალი მფლობელის მოთხოვნით ტელეკომპანიის დირექტორის პოსტიდან გადააყენა ნიკა გვარამია და მის ნაცვლად, ხალვაშის ადვოკატი, პაატა სალია დანიშნა. 

ნიკა გვარამიამ 17 აგვისტოს ახალი, "მთავარი არხი" დაარეგისტრირა, დღეს, 21 აგვისტოს კი განაცხადა, რომ ორშაბათიდან თანამშრომლებთან კონტრაქტის გაფორმებას იწყებს. 

კომენტარები