რუსთავი 2

რეჟიმმა რუსთავი 2 საბოლოოდ TV იმედი-სა და POS TV-ს კლუბში გააფორმა – საქართველოსთვის

პარტია გახარია საქართველოსთვის ტელეკომპანია რუსთავის 2-ის გენერალური დირექტორის, ბაკურ ბაკურაძის განცხადებას პასუხობს

პარტიის განცხადებით ტელეკომპანია წლების განმავლობაში ბლოკავს მათი პარტიის წევრებსა და არ აშუქებს მათ საქმიანობას. გახარია საქართველოსთვის განცხადებაში წერს, რომ რუსთავი 2 "რეჟიმის დაკვეთით, წინასაარჩევნო პერიოდში ტრადიციულად აგრძელებს ყალბ, დეზინფორმაციულ და ღირსების შემლახავ კამპანიას გიორგი გახარიას მისამართით, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც გიორგი გახარია 4 წელია დაბლოკილი ჰყავთ ამავე ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში". 

პარტიის განცხადებით, ტელეკომპანია ზღუდავს მათ შესაძლებლობას ესაუბრონ ამომრჩეველს. 

"რუსთავი 2 წლების განმავლობაში, პირდაპირ ეთერში ბლოკავს ჩვენი პარტიის სხვა წევრებსაც, არ აშუქებს პარტიის საქმიანობას, მაშინ, როდესაც ამავე პერიოდში, განსაკუთრებით თვითმმართველობის არჩევნების წინ, ის სისტემატურად და თითქმის ყოველდღიურად იწვევს ნაციონალური მოძრაობის წევრებს და აშუქებს მათ აქტივობებს. ეს იმ ტრადიციების გაგრძელებაა, რასაც ამ ტელეკომპანიაში კარგად იცნობენ, რადგან ამ არხის დღევანდელ მენეჯმენტში მყოფი ადამიანების და ჟურნალისტების ნაწილი სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახელისუფლებო რეჟიმს ემსახურებოდნენ და დღეს საკუთარი წარსულის დამალვას ცდილობენ მოქმედი რეჟიმის აგრესიული მსახურებით, რისი შეხსენებაც ხშირად ისტერიას იწვევს.

ტელეკომპანია იმედი-სა და POS TV-სგან განსხვავებით, რომლებიც ღიად ატარებენ პრო-სამთავრობო პროპაგანდულ სარედაქციო პოლიტიკას, რუსთავი 2 გუშინდლამდე ცდილობდა მოქალაქეების თვალში თავი ობიექტურ მედიასაშუალებად გაესაღებინა.

გუშინ რუსთავი 2-მა, რეჟიმის შეკვეთით, ოფიციალურად გაავრცელა განცხადება, რომ ღიად ბლოკავს პარტია საქართველოსთვის ეთერში გამოჩენას, რაც ამ ტელეკომპანიას არ გაუკეთებია არცერთი სხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის - მათ შორის ნაცმოძრაობის მიმართ. აღნიშნული ნათლად აჩვენებს რეჟიმის პროპაგანდის ინტერესებს, რომლისთვისაც ჩვენი პოლიტიკური პარტიის ღია ეთერებში გამოჩენა მათთვის პოლიტიკური საფრთხეების მატარებელია.

ეთერის დაბლოკვის მიზეზად დასახელებულია კომიკური განმარტება, რომელიც ყველა სერიოზული ტელეკომპანიის იმიჯს დააზიანებდა, თუმცა რეჟიმმა რუსთავი 2 საბოლოოდ TV იმედი-სა და POS TV-ს კლუბში გააფორმა.

რუსთავი 2-ის ეს პოლიტიკა ზღუდავს ჩვენს შესაძლებლობას, ვესაუბროთ ამომრჩეველს და უარყოფს მათ უფლებას, მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები". - ნათქვამია პარტიის განცხადებაში. 

18 სექტემბერს, რუსთავი 2-მა არხის გენერალური დირექტორის, ბაკურ ბაკურაძის განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ პარტია გახარია საქართველოსთვის წევრის, ანა ბუჩუკურის "შეურაცხმყოფელი განცხადების" გამო, რომელიც არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, "ნინო შუბლაძის მისამართით გაავრცელა", არხი უარს ამბობს გააშუქოს აღნიშნული პარტიის ნებისმიერი აქტივობა. ამასთან ერთად, პარტიის წარმომადგენლებს აღარ დაეთმობათ ეთერი რუსთავი 2-ის პოლიტიკურ გადაცემებში.

საუბარია ბუჩუკურის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტზე, სადაც წერდა, რომ ნინო შუბლაძე სააკაშვილის რეჟიმის დროს მაშინდელი პროპაგანდის მსახური იყო, დღეს კი ივანიშვილის რეჟიმის მსახურია.

კომენტარები