გადაცემა ღამის კურიერის წამყვანის, ნინო შუბლაძის თქმით, რუსთავი 2-სთვის არასდროს პრობლემას არ წარმოადგენს ნეტგაზეთის და ბათუმელების დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესების გაშუქება, თუმცა ჟურნალისტების მოთხოვნა, რომ გადაცემაში მიიწვიონ დაკავებული ჟურნალისტის ადვოკატი მაია მწარიაშვილი "ემსგავსება სარედაქციო პოლიტიკაზე ზეწოლის მცდელობას".
"როგორც ამ წუთებში მატყობინებენ, ამ წუთებში რუსთავი 2-ის შენობასთან იმყოფებიან ნინია კაკაბაძე, ზვიად ქორიძე, გელა მთივლიშვილი და სხვა მედიების წარმომადგენლები, ისინი ითხოვენ ღამის კურიერის პირდაპირ ეთერს მზია ამაღლობელის ადვოკატისთვის, რომ პასუხი გასცეს პრემიერის, ირაკლი კობახიძის ბრალდებებს. ისინი ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან რუსთავი 2-ის ეთერიდან გაჟღერდა მზია ამაღლობელის მიმართ არაერთი დეზინფორმაცია და მათი მთავარი მოთხოვნაა, გადაცემაში მიიწვიონ დაკავებული ჟურნალისტის ადვოკატი მაია მწარიაშვილი, რათა გააბათილოს ცრუ ბრალდებები. შემიძლია გითხრათ, რომ მწარიაშვილს რუსთავი 2-მა, კურიერმა შესთავაზა ინტერვიუს ჩაწერა, რაზეც უარი მივიღეთ და მოთხოვნა არის აუცილებლად პირდაპირი ეთერი და ამ გადაცემის ფორმატი.
მე, როგორც ღამის კურიერის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ არასდროს პრობლემას არ წარმოადგენს მზია ამაღლობელის პროცესების გაშუქება ჩვენს არხზე, მისი მხარდამჭერების პოზიციების პოზიციების გაშუქება.
ახლაც მზად ვართ რომ მაია მწარიაშვილის პოზიციის გასაშუქებლად, თუმცა, თუ რა ფორმით, რომელ ეთერში, რა გადაცემაში და რამდენი დრო უნდა დავუთმოთ ჩვენს სტუმარს ამაზე გადაწყვეტილებას იღებს კერძო ტელეკომპანია რუსთავი 2 და მსგავსი მოთხოვნები ემსგავსება სარედაქციო პოლიტიკაზე ზეწოლის მცდელობას. მიუხედავად ამისა, ვიმეორებ, რომ არ წარმოადგენს პრობლემას გაშუქება". - თქვა შუბლაძემ პირდაპირ ეთერში.
ცნობისთივს, მედიის წარმომადგენლები რუსთავი 2-თან აქციას მართავენ და მზია ამაღლობელის ადვოკატისთვის, მაია მწარიაშვილისთვის გადაცემა ღამის კურიერის პირდაპირი ეთერის დათმობას ითხოვენ.
"მზია ამაღლობელის ადვოკატს შესაძლებლობა მიეცეს, გადაცემა "ღამის კურიერში" უპასუხოს "ქართული ოცნების" პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას, რომლითაც მან მზია ამაღლობელის მიმართ განზრახ მცდარი ინფორმაცია გაავრცელა და მისი უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვია.
ამ მოთხოვნით მზია ამაღლობელის კოლეგებმა "რუსთავი 2"-ს წერილობით ჯერ კიდევ 6 მაისს მივმართეთ, მაგრამ პროფესიული და საკანონმდებლო ვალდებულებების მიუხედავად, არხის მხრიდან რეაგირება არ ყოფილა." - აცხადებენ ჟურნალისტები.





