რუსთავი 2

სანამ ბუჩუკური ბოდიშს არ მოიხდის, გახარიას პარტიის აქტივობებს არ გავაშუქებთ – რუსთავი 2

რუსთავი 2 არხის გენერალური დირექტორის, ბაკურ ბაკურაძის განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ პარტია გახარია საქართველოსთვის წევრის, ანა ბუჩუკურის "შეურაცხმყოფელი განცხადების" გამო, რომელიც არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, "ნინო შუბლაძის მისამართით გაავრცელა", არხი უარს ამბობს გააშუქოს აღნიშნული პარტიის ნებისმიერი აქტივობა.

ამასთან ერთად, პარტიის წარმომამდგენლებს აღარ დაეთმობათ ეთერი რუსთავი 2-ის პოლიტიკურ გადაცემებში. 

ბაკურაძის თქმით, შეზღუდვა მანამდე გაგრძელდება, სანამ ბუჩუკური საჯარო ბოდიშს არ მოიხდის.

"სამწუხაროდ, ცალკეული აგრესიული პოლიტიკოსების მხრიდან ჟურნალისტების შეურაცხყოფამ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, სისტემატური სახე მიიღო. მე, არხის დირექტორი და ჩვენი გუნდის არც ერთი წევრი არ მოვითმენთ მსგავს დამოკიდებულებას აგრესიული პოლიტიკოსების მხრიდან". - ნათქვამია განცხადებაში.

ბუჩუკური სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერდა, რომ ნინო შუბლაძე სააკაშვილის რეჟიმის დროს მაშინდელი პროპაგანდის მსახური იყო, დღეს კი ივანიშვილის რეჟიმის მსახურია.

"გუშინ სუს-ის ფილიალის რუსთავი 2-ის თანამშრომელს, ქალბატონ ნინო შუბლაძეს ეთერში ნაწყენს უთქვამს, რომ თურმე ჩემზე გაბრაზებულია და რომ თურმე ჟურნალისტებთან ქცევა არ ვიცი.

ამ ფრაზაში ყველაზე სასაცილო ის არის, რომ ქნი შუბლაძე საკუთარ თავს ჟურნალისტს უწოდებს. არა, ქალბატონო ნინო. თქვენ ჟურნალისტი არ ხართ. თქვენ პირადად მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დროს მაშინდელი პროპაგანდის მსახური იყავით - ადამიანებს რომ აწამებდნენ, ზუსტად მაგ დროს. დღეს ივანიშვილის რეჟიმის მსახური ხართ. ხვალ იმას მოემსახურებით, ვინც მეტს გადაგიხდით. ეს არ არის ჟურნალისტობა.

სხვათაშორის, ეს სტატუსი ნინო შუბლაძეზე საერთოდ არ არის - ამ შემთხვევაში ეს ერთი ინდივიდი უბრალოდ მაგალითია პროფესია "მსახურის".

მე არ ვიცი, რატომ და როგორ მივედით იქამდე, რომ ეს ფენომენი საზოგადოებაში ნორმალიზდა… - დაწერა ბუჩუკურმა სოციალურ ქსელში.

კომენტარები