რუსული ოკუპაცია

რუსმა სამხედროებმა გუგუტიანთკართან სამუშაოები განაახლეს, 2 სახლი ოკუპირებულ ზონაში მოხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტრო

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკართან, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები უკვე მეორე დღეა მავთულხლართებს ამონტაჟებენ. 

ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ოკუპანტები მათ ნათესებში ძელებს არჭობენ და ე.წ საზღვარს წევენ.

სოფელში ქართველი სამართალდამცველები პატრულირებენ. 

ტაბულას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უთხრეს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დღეს დილიდან ორჯერ იქნა ცხელი ხაზი გააქტიურებული, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

"როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს არის მორიგი უკანონო და დესტრუქციული ქმედება. აღნიშნული საკითხი ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე მწვავედ იქნება დაყენებული"- აცხადებენ სუს-ში

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის სიახლოვეს საოკუპაციო ძალების მხრიდან ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესი 7 აგვისტოს განახლდა, თუმცა საღამოს შეჩერდა. 

ოკუპანტებმა მავთულხლართების მონტაჟი 14 აგვისტოს განაახლეს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულზე შეშფოთება გამოთქვა. უწყების თქმით, მსგავსი დესტრუქციული ნაბიჯები უკიდურესად ართულებს საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობის ისედაც მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას და ახდენს უსაფრთხოების გარემოს შემდგომ დესტაბილიზაციას.

კომენტარები