აგვისტოს ომი

გია ვოლსკი აგვისტოს ომში დაღუპულებსა და დაშავებულებზე პასუხისმგებლობას ენმ-ს აკისრებს

ტაბულა

ქართული ოცნების დეპუტატი გიორგი ვოლსკი რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის მე-11 წლისთავს ეხმაურება და ომზე პასუხისმგებლობას წინა ხელისუფლებას ჰკიდებს, რაც რუსული პროპაგანდის კლასიკური ნიმუშია. 

ამის შესახებ გია ვოლსკიმ Facebook-ის გვერდზე 6 აგვისტოს დაწერა. 

"11 წელი გავიდა! გმირია ყველა, ვინც ამ ომში იბრძოდა, ვინც ბრძოლის ველზე დაეცა. 
სამხედროებთან ერთად ომის შედეგად დაიღუპა 228 ჩვენი მშვიდობიანი თანამოქალაქე, 1 747 დაიჭრა. დევნილების რაოდენობას კიდევ 30 000-მდე ადამიანი დაემატა, მათ ყველაფერი დაკარგეს!

ამ შედეგებზე პასუხისმგებელი პირები დღესაც ცდილობენ პოლიტიკურ ასპარეზზე პოზიციების შენარჩუნებას და "ანტისაოკუპაციო" ლოზუნგებსაც გაიძახიან,"- დაწერა ვოლსკიმ. 

შემდეგ კი განმარტა, რომ ისინი "იმ ადამიანების აყილიებასაც ახერხებენ, ვისაც ეს მოვლენები არ ახსოვს". ვოლსკი წერს, რომ პარტნიორი ქვეყნების მიერ დამტკიცებული სამშვიდობო გეგმა საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა და პირველმა პირმა, მიხეილ სააკაშვილმა, ჩაშალა. 

"1. სწორედ სააკაშვილის რეჟიმმა მოახდინა პარტნიორი ქვეყნების მიერ დამტკიცებული სამშვიდობო გეგმის განზრახ ჩაშლა;
2. წაგებისათვის გასწირა ჩვენი ქვეყანა და მეომრები, სასიკვდილო სამიზნედ გამოფინა გორის მოედანზე ჩვენი შვილები;
3. ბრძოლის ველზე მიატოვა გმირულად დაღუპული ბიჭების ცხედრები;
4. განზრახ გასწირა, საომარი მოქმედებების ზონიდან არ გამოიყვანა მშვიდობიანი მოსახლეობა;
5. რვა აგვისტოს ჩათვლით არ აღიარებდა რუსეთის მონაწილეობას აგრესიაში, არ მიმართა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო ვითარების შესახებ;
6. რუსეთისვე დაკვეთით დაბომბა წინასწარ მონიშნული, დაცლილი არეალი, თავადვე გადაიღო ეს "ოპერაცია" და კადრები გაავრცელა მსოფლიო მასშტაბით;
7. აგრესორს შეუქმნა შემოჭრისათვის თავის მართლების საფუძველი;
8. "მტრისათვის ნიღაბის ჩამოხსნის" აღსანიშნავი ზეიმი მოაწყო რუსთაველზე;
9. იმავე წელს, თავადვე დაუჭირა მხარი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას, სადაც მითითებულია, რომ ფართომასშტაბიანი ომი განაპირობა დაბომბვამ, ხოლო რუსეთმა საპასუხო ქმედება განახორციელა.

კიდევ რა უნდა გააკეთონ რათა, სულ მცირე, "ანტისაოკუპაციო" მაინც აღარ უწოდონ მათ და "პროდასავლური" მათ პოლიტიკას?!,"- წერს გია ვოლსკი Facebook-ზე. 

კომენტარები