რუსთავი 2

რუსთავი 2-ის მთავარი იურისტი, თამთა მურადაშვილი, სამსახურიდან გაათავისუფლეს

ტაბულა

რუსთავი 2-ის მთავარი იურისტის, თამთა მურადაშვილის ცნობით, იგი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

როგორც მურადაშვილმა ტაბულასთან საუბარში აღნიშნა, იგი შვებულებაში იმყოფებოდა, როდესაც მეილით გათავისუფლების შესახებ შეიტყო.

როგორც იგი სატელეფონო საუბარში აღნიშნავს, მიღებული შეტყობინების შემდეგ, იგი რუსთავი 2-ში მივიდა, რა დროსაც მას ჩაბარდა შეტყობინება, რომ არხის გენერალური დირექტორი, პაატა სალია, მასთან შრომით ხელშეკრულებას წყვეტდა;

"​პარასკევს შევთანხმდით პაატა სალიასთან, რომ დღევანდელი დღიდან, 5 აგვისტოდან, ვიქნებოდი შვებულებაში 1 თვით და ცხადია დღეს არ მივსულვარ სამსახურში, იმიტომ, რომ შვებულებაში ვიყავი, თუმცა დაახლოებით, სადღაც 4-ის ნახევრისთვის, მეილით მივიღე hr-ის შეტყობინება, რომ ჩემი შვებულება არ დაკმაყოფილდა და გათავისუფლებული ვარ სამსახურიდან. მოვედი სამსახურში, რომ გამეგო მიზეზები და ჩამბარდა შეტყობინება, რომ სალია, გენერალური დირექტორი, წყვეტს ჩემთან შრომით ხელშეკრულებას, მათავისუფლებს თანამდებობიდან, იმის გამო, რომ მე დავარღვიე ხელშეკრულების რაღაც პუნქტები და შინაგანაწესის კონკრეტული მუხლი, თუმცა ჩემთვის გაუგებარია რა დავარღვიე და შესაბამისად ამაზე მოვითხოვ პასუხს", - ამბობს თამთა მურადაშვილი ტაბულასთან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ 18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც, რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა. იმავე დღეს, საჯარო რეესტრმა ხალვაშს ტელეკომპანიის წილები დაურეგისტრირა, ახალი მფლობელის მოთხოვნით ტელეკომპანიის დირექტორის პოსტიდან გადააყენა ნიკა გვარამია და მის ნაცვლად, ხალვაშის ადვოკატი, პაატა სალია დანიშნა.

კომენტარები