საგანგებო სიტუაციების სამსახური

მახინჯაურში 29 წლის კაცი გადაარჩინეს, რომელიც შტორმისას ზღვაში შევიდა და ვეღარ გამოდიოდა [VIDEO]

საგანგებო სიტუაციების სამსახური

მახინჯაურში მაშველებმა 29 წლის ადგილობრივი მამაკაცი გადაარჩინეს, რომელიც ზღვაში, 3-ბალიან შტორმში შევიდა და გამოსვლას ვეღარ ახერხებდა.

უწყებაში ამბობენ, რომ ის მოქალაქემ დაინახა და დახმარებისთვის სანაპირო ზოლზე მყოფ სამაშველო დანაყოფს მიმართა.

"გადარჩენის ოპერაციაში დაუყოვნებლივ ჩაერთო მაშველი დრონის ოპერატორი და სამაშველო კატერი. ოპერაცია წარმატებით დასრულდა. მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცი სანაპიროზე უვნებლად გაიყვანეს", - ამბობენ საგანგებო სიტუაციების სამსახურში და აღნიშნავენ, რომ მამაკაცი მაშველი დრონის საშუალებით გადაარჩინეს, რომელიც შტორმის დროს სამაშველო ოპერაციისთვის გამოიყენება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს დამსვენებლებს:

  • დაემორჩილონ მაშველების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები;
  • არ დატოვონ მცირეწლოვანი ბავშვები უმეთვალყურეოდ;
  • არ ჩავიდნენ წყალში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ან ნაბახუსევზე;
  • არ გასცდნენ უსაფრთხოების ტივტივებს;
  • მაშველების მიერ გამაფრთხილებელი წითელი ალმების გამოფენის შემთხვევაში არ ჩავიდნენ წყალში.

საგანგებო სიტუაციების სამსახურში ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც ცურვა დასაშვები იქნება, გამოიფინება თეთრი ალმები.

კომენტარები