აშშ

ტრამპმა აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის პოსტზე ჯონ რეტკლიფის კანდიდატურა მოხსნა

დონალდ ტრამპი / ჯონ რეტკლიფი
BBC

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეროვნული დაზვერვის დირექტორის პოსტზე ტეხასელი კონგრესმენის, ჯონ რეტკლიფის კანდიდატურა მას შემდეგ მოხსნა, რაც ის საკმარისი კვალიფიკაციის უქონლობის გამო გააკრიტიკეს.

ტრამპმა ამის შესახებ საკუთარ ტვიტერზე დაწერა:

"ჩვენს შესანიშნავ რესპუბლიკელ კონგრესმენს ჯონ რეტკლიფს მედია ძალიან უსამართლოდ ექცევა. თვეობით ცილისწამების და ბრალდებების გამოცდის ნაცვლად ჯონს ავუხსენი როგორი უბედურება იქნება მისთვის და მისი ოჯახისთვის ამ ადამიანებთან საქმის დაჭერა. ჯონმა გადაწყვიტა დარჩეს კონგრესში, სადაც შესანიშნავ საქმეს აკეთებს ტეხასელი ხალხის და ჩვენი ქვეყნისათვის. ეროვნული დაზვერვის დირექტორის პოსტზე კანდიდატს მალე წარვადგენ." დაწერა მან.

ტრამპმა რეტკლიფის კანდიდატურა მას შემდეგ წამოაყენა, რაც აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი დენ კოუტსი თანამდებობიდან 29 ივლისს გადადგა. რეტკლიფი ტრამპის პოლიტიკის მხარდამჭერია.

კოუტსი პოსტს 2.5 წლის განმავლობაში იკავებდა.

მიმდინარე წლის თებერვალში მან თქვა, რომ დონალდ ტრამპმა პოსტზე დარჩენა სთხოვა, თუმცა საგარეო პოლიტიკის მათი განსხვავებული ხედვა ხანდახან შეუთავსებელია.

კოუტსსა და ტრამპს შორის სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის რუსეთისა, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის საკითხებზე, აზრთა სხვადასხვაობა იყო. პოსტზე მისი მოღვაწეობის განმავლობაში ტრამპს არაერთხელ გაუკეთებია კოუტსის სადაზვერვო სააგენტოების შეფასებების საწინააღმდეგო განცხადებები. იანვარში მან სადაზვერვო სააგენტოების ხელმძღვანელებს პასიურები და მიამიტები უწოდა ირანიდან მომავალი საფრთხის შეფასებისას.

კომენტარები