თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

თსუ: TBC-სთან ხელშეკრულებას ვადა გასდიოდა, საქართველოს ბანკმა აჯობა TBC-ს

Paata Vardanashvili / Wikipedia

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, ნატა ასათიანმა საკუთარ Facebook გვერდზე გამოაქვეყნა განმარტება TBC ბანკთან ხელშეკრულების დასრულების თაობაზე:

"რადგან ხელოვნური ვნებათაღელვა არ ცხრება თსუ-სა და TBC Bank-ის ირგვლივ, მსურს რამდენიმე წინადადებით გამოვეხმაურო მიმდინარე ამბებს:

პირველი და მთავარი: თსუ-ს არ გაუწყვეტია (!) თანამშრომლობა TBC Bank-თან. ჩვენ ვაგრძელებთ მათთან ურთიერთობას მრავალი მიმდინარე და მომავალი პროექტის ფორმატში.

მეორე და მნიშვნელოვანი დეტალი: თსუ-სა და TBC Bank-ს შორის დადებულ ხელშეკრულებას გასდიოდა ვადა და ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ დავიწყეთ ხელახლა მოლაპარაკებები ბანკებთან.

მესამე ფაქტი: რამდენიმეთვიანი მოლაპარაკების შედეგად, პირობებით, რომლებიც წამოგვიყენეს ბანკებმა, საქართველოს ბანკმა აჯობა TBC-ს. აჯობა! და ეს იცის TBC-მაც ძალიან კარგად, რადგან ბევრი შეხვედრა შედგა ჩვენსა და მათ შორის და ვერც ერთი თანამშრომელი ვერ იტყვის, რომ გარდა შემოთავაზებული პირობებისა, თსუ-ს ადმინისტრაცია რაიმე სხვა განწყობებით ხელმძღვანელობდა. ამაზე თავად ვაგებ პასუხს, იმდენად, რამდენადაც თავად ვიყავი ჩართული მოლაპარაკების პროცესში და ზუსტად ვიცი, რომ ჩემს, ჩვენს გადაწყვეტილებასთან პოლიტიკურ ვნებათაღელვას არ ჰქონია კავშირი (აქვე, გეტყვით, რომ ეს ჩვეულებრივი პროცესია უნივერსიტეტისთვის: ბოლო ორი წელი კონტაქტორი იყო TBC, მანამდე ბანკი რესპუბლიკა. მომავალში თუ საქართველოს ბანკთან ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგ, სხვა რომელიმე ბანკი უკეთეს პირობებს შემოგვთავაზებს, არჩევანიც უკეთესი პირობების გათვალისწინებით გაკეთდება და ალბათ, მეთანხმებით, რომ ეს ასეც უნდა იყოს)

დაბოლოს, თსუ-ს თანამშრომლებს ხელფასები სად ჩაერიცხებათ ამაზე ფიქრში ნუ დაკარგავთ დროს და ნურც შეთქმულების თეორიებს ვეძებთ იქ, სადაც ის არ არის...

P.S. მადლობა TBC-ს პროდუქტიული ურთიერთობისთვის და დარწმუნებული ვარ, ბევრისთვის გასაკვირად, მომავალში კიდევ უფრო მასშტაბური პროექტების ფარგლებში ვითანამშრომლებთ." წერს ის.

თიბისი ბანკთან კონტრაქტის დასრულების შესახებ ინფორმაცია თსუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა რამდენიმე დღის წინ, 25 ივლისს გაავრცელა. მათი თქმით საუბარი მხოლოდ უნივერსიტეტის თანამშრომლების ხელფასს შეეხება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალი 24 ივლისს წარუდგინა.

TBC ბანკის წინააღმდეგ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო.

კომენტარები