სალომე ზურაბიშვილი

მოისწრაფიშვილი: ტყუილია, რომ ადმინისტრაციის წარმომადგენელმა სტუდენტებს უწიგნურები უწოდა

www.facebook.com/mirian.gamrekelashvili

პრეზიდენტის ადმინისტრაცია უარყოფს, რომ გერმანიაში სალომე ზურაბიშვილს და სტუდენტებს შორის ექსცესი და დაძაბულობა არ მომხდარა. 

პრეზიდენტის სპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, რომ ზურაბიშვილმა ამომწურავი პასუხი გასცა ყველა საკითხს. 

მისივე თქმით, ტყუილია, თითქოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელმა სტუდენტებს უწიგნურები უწოდა და მეტი განათლებისკენ მოუწოდა. 

"ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, ქართველი სტუდენტების და საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრასთან დაკავშირებით, იყო აბსოლუტური ტყუილი. შეხვედრაზე არ თქმულა არც ერთი სიტყვა, რაც გავრცელდა მედიასაშუალებებით. პრეზიდენტი არ ყოფილა გაღიზიანებული. პასუხი გაეცა ყველა კითხვას, მათ შორის დავით გარეჯთან დაკავშირებით და მეტიც, შეხვედრა გაგრძელდა წინასწარ შეთანხმებულ დროზე მეტხანს. არანაირი ირონიული ტონი, არანაირი გაღიზიანება და არც ერთი ის სიტყვა, რაზეც საუბრობენ სიუჟეტის რესპონდენტები", - თქვა ხატია მოისწრაფიშვილმა.

გერმანიაში მყოფმა ქართველი სტუდენტებმა თქვეს, რომ 14 ივლისს, ადგილობრივი დროით 19:00 საათზე გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის წამომადგენელმა მათ შეხვედრაზე გაუნათლებლები უწოდა.

მირიან გამრეკელაშვილმა რუსთავი 2-თან მოყვა, რომ შეხვედრის დამსწრეებს სურდათ, პრეზიდენტისგან მოესმინათ 20 ივნისის ღამის შეფასება, რუსეთთან, ასევე, დავით გარეჯთან შექმნილი პრობლემის შესახებ მისი აზრი, თუმცა, ზოგიერთი კითხვის დასმა, დასმულ კითხვებზე კი პასუხების მიღება ვერ მოახერხეს. 

გამრეკელაშვილი ყვება, რომ სალომე ზურაბიშვილმა მათ მოუწოდა, არა ზეპირად, არამედ დოკუმენტებით ესაუბრათ.

"მოგვიწოდა, რომ გვესაუბრა დოკუმენტებით და არა ზეპირად, გვენახა მისი განცხადებები, თუმცა მისი აი ამ შენიშვნის შემდეგ შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილე გოგონამ, ნინო იმნაძემ პრეზიდენტს წაუკითხა მისივე 2017 წლის განცხადება, სადაც ის ნატოს წვრთნებს საქართველოში აფასებს ნეგატიურ მოვლენად და გეოპოლიტიკურ საფრთხედ. თუმცა, ამ განცხადებაზე პრეზიდენტმა თქვა, რომ ეს იყო ადრე და ახლა აზრი შეიცვალა, ბევრ რაღაცას გადახედა და ახლა სხვა ადამიანია. თუმცა, ამ კითხვას უფრო მწვავე კითხვები მოჰყვა და საქმეში ჩაერთო პრეზიდენტის თანხმლები პირთაგან ერთ-ერთი ქალბატონი, რომელიც არ წარგვიდგინეს და ამ ქალბატონმა დამსწრეებს გაუნათლებლები და უწიგნურები უწოდა და ბრალი დასდო მათ პარტიულ ანგაჟირებაში.

ხმაურის შემდეგ პრეზიდენტმა და მისმა ამალამ დატოვა შეხვედრა დამშვიდობების გარეშე, მაგრამ სანამ დატოვებდა, ჩემმა მეგობარმა, ბატონმა ხიმშიაშვილმა და მე განვახორციელეთ ეს ჟესტი, რომლითაც გამოვხატეთ ჩვენი პროტესტი. მით უმეტეს, მე პირადად მაქვს ორმაგი პროტესტი. პირველი, რომ თავად მეც მაღიზიანებს ჩვენი მოქმედი მთავრობის რაღაცა რუსეთუმე და რუსოფობიური პოლიტიკა, რომელიც დიდი ხანია გრძელდება საქართველოში და მეორე მხრივ, არ მსურს, რომ ჩემს შვილს თვალი ამოთხარონ იმიტომ, რომ მან რაღაც გააპროტესტა.

მინდოდა მეკითხა ქალბატონი პრეზიდენტისთვის ბოლოსკენ, თუმცა არ დამცალდა, ხომ არ აპირებს ის მოინახულოს ზუსტად მიუნჰენში მყოფი ის გოგონა, რომელსაც ამ აქციების დროს გამოთხარეს ერთი თვალი,“-უთხრა გამრეკელაშვილმა რუსთავი 2-ს.

კომენტარები