თბილისი პრაიდი

თაბაგარი საელჩოში შეხვედრაზე: ჩვენ ნაბიჯი გადავდგით და ახლა ბურთი საპატრიარქოს მოედანზეა

www.facebook.com/Georgi.Tabagari

თბილისი პრაიდის ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი აშშ-ის საელჩოში გამართულ მიღებაზე მღვდელმთავრებთან საუბარს "მნიშვნელოვან შეხვედრად" აფასებს. მისი თქმით, მთავარია, შემდგომი ნაბიჯები მოყვეს ამ სპონტანური დიალოგის მცდელობას.

აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება. პატრიარქის თანამოსაყდრე, მეუფე შიო და ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი თბილისის პრაიდის ორგანიზატორებს, მარიამ კვარაცხელიასა და გიორგი თაბაგარს ესაუბრებიან.
ფოტო: on.ge

"საპატრიარქოს ნამდვილად შეუძლია ძალადობა არა მხოლოდ დეკლარირებულად დაგმოს, არამედ მოუწოდოს ადამიანებს მშვიდობისკენ, მოყვასის სიყვარულისა და განსხვავებულობის მიმღებლობისკენ. ეს არ გვეხება მხოლოდ ქვიარ ადამიანებს. ეს ეხებათ იმიგრანტებს, ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს, ქალებს, შშმ ადამიანებს, დევნილებს, ნარკომომხმარებლებს და უამრავ მოწყვლად ჯგუფს. ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში, სადაც თმის ფერის, საყურის ტარების თუ ფერადი ტანსაცმლის გამო ადამიანებს ქუჩაში სცემენ ან უკეთეს შემთხვევაში შეურაცხყოფას აყენებენ. ამიტომ ძალიან კარგი შესაძლებლობა აქვს საპატრიარქოს რომ საზოგადოებაში არსებული სიძულვილი საგრძნობლად შეამციროს და დადგეს ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე. ეს სჭირდება საზოგადოებასაც!

ვკითხულობდი რეაქციებს ამ შეხვედრის შესახებ და უმრავლესობამ დადებითად მიიღო დიალოგის მცდელობა, უფრო მეტს ალბათ გაუკვირდა, მაგრამ ჩემთვის ერთი რამ არის ცხადი: აღარ უნდა ხალხს არც ტაბურეტკიანი და არც ქრისტიანობის სახელით ძალადობისკენ მომწოდებელი სასულიერო პირების ხილვა. პირდაპირ თუ ირიბად რუსეთის ინტერესების გამტარებელი საპატრიარქოს ხილვა ხო მითუმეტეს ყველაზე ნაკლებად ჭირდება ახლა ქვეყანას. ყველა მიესალმება თუ ეკლესია მშვიდობისკენ იქნება მოწოდებული. იქადაგებს სიკეთეს და სიყვარულს და საჯაროდ პოზიციონირებით არ შემოიფარგლება მხოლოდ.

მოკლედ, ჩვენ ნაბიჯი გადავდგით და ახლა ბურთი საპატრიარქოს მოედანზეა" - წერს გიორგი თაბაგარი და აღნიშნავს, რომ თბილისი პრაიდის ორგანიზატორებს ბევრი მცდელობა ჰქონდათ საპატრიარქოსთან დიალოგის.

"ვერ შევძელით აქამდე. ასე რომ, ისტორიული შესაძლებლობა გვქონდა და გამოვიყენეთ. სინამდვილეში, მარტივი რაღაც გვინდა რომ გავაგებინოთ როგორც ეკლესიას, ასევე საზოგადოებას - არ არის აუცილებელი, ერთმანეთი გვიყვარდეს, ეკლესიაში ერთნაირსქესიანი წყვილების ჯვრისწერასაც არავინ ითხოვს. მთავარია, მშვიდობიანად თანაცხოვრება შევძლოთ არაძალადობრივ საზოგადოებაში. ეკლესიაც მხოლოდ იმ შემთხვევაში გადარჩება თუ სიკეთეს და სიყვარულს იქადაგებს. ასე ვითარდებიან ქრისტიანობის სხვა განშტოებები და ამას ალტერნატივა არ უნდა ჰქონდეს. იმის გააზრებაც უნდა მოხდეს, რომ 17 მაისის მსგავსი ძალადობრივი ქმედებები მათთვის დამღუპველი იქნება და ეს უნდა დაასრულონ" - ამბობს თაბაგარი.

აშშ-ის საელჩოს თბილისი პრაიდის ორგანიზატორებისა და მღვდელმთავრების საუბრის ამსახველ ფოტოს საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის წარმომადგენელი ანდრია ჯაღმაიძეც გამოეხმაურა. 

"საელჩოს სტუმრების სიის გამო, ისევ საპატრიარქომ ხომ არ უნდა იმართლოს თავი? ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგი მცდელობა იყო ამ მიღებაზე გადაღებული ფოტოს ისე წარმოჩენა, თითქოს რაიმე დაფარული საუბარი შედგა მღვდელმთავრებსა და ე.წ. პრაიდის ორგანიზატორებს შორის. სინამდვილეში, ყველაფერი გაცილებით მარტივი და ბანალურია.

აშშ-ს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე მიწვეული იყო რამდენიმე ათასი სტუმარი, რა გასაკვირია და საპატრიარქოსთან სტუმრების სია არ შეუთანხმებიათ. იქ აღმოჩნდნენ აღნიშნული ე.წ. პრაიდის ორგანიზატორები და რაღაც მომენტში ასევე სტუმრად მიწვეულ ჩვენს მღვდელმთავრებთან მივიდნენ. სავარაუდოდ ფოტოს გადაღებაზე წინასწარვე იზრუნეს და ეს შემთხვევით შერჩეული კადრი არაა" - წერს ჯაღმაიძე.

კომენტარები