თბილისი პრაიდი

Tbilisi Pride: შსს-მ ომბუდსმენის მეშვეობით შემოგვითვალა - "რაც გინდათ, ის ქენით"

Tbilisi Pride

"თბილისი პრაიდის" ორგანიზატორებმა"ღირსების მარშთან" დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს, სადაც იმ მიზეზებზე ისაუბრეს, რის გამოც ღონისძიების გეგმის მიხედვით ჩატარება ვერ მოხერხდა.  

ორგანიზატორების თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მათ ოპოზიციური პარტიების მიერ მართულ ჯგუფებად მოიხსენიებდნენ. მათივე თქმით, უწყებამ უარი თქვა მათთან პირდაპირ კონტაქტსა და თანამშრომლობაზე. ასევე, არ დააკმაყოფილა ორგანიზატორთა თხოვნა, გამოეყო ტრანსპორტი მონაწილეთა გადასაყვანად.  

"7 ივლისს მათ სახალხო დამცველის მეშვეობით შემოგვითვალეს: "რაც გინდათ ის ქენით, თანამშრომლობა არ შედგება." სამინისტრომ ასევე უარი გვითხრა ჩვენს თხოვნაზე უზრუნველყოფა გაეკეთებინათ ასობით მონაწილის შეკრების ადგილებიდან მარშის დაწყების პუნქტამდე სატრანსპორტო საშუალებით გადაყვანაზე. იმავე დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ მისიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს განუცხადა, რომ თბილისი პრაიდი “პროვოკაციას აწყობს” და რომ ისინი არ აპირებენ თანამშრომლობას. სამინისტროს წარმომადგენლებიც და მმართველი პარტიის ლიდერებიც თანმიმდევრულად ცდილობდნენ პრაიდის დელეგიტიმაციას - ისინი ჩვენ ღიად მოგვიხსენიებდნენ ოპოზიციური პარტიების მიერ მართულ ჯგუფად,"-ნათქვამია განცხადებაში.  

პრაიდის ორგანიზატორების განცხადებით, "ქართული ოცნების" წევრები მათ ბოლო კვირების განმავლობაში დახურულ ხსდომებზე ღირსების მარშის გაუქმებისკენ მოუწოდებდნენ, რადგან "ხედავდნენ რისკებს" და არ შეეძლოთ მათი დაცვა. თუმცა, ორგანიზატორების თქმით, მათ სჯერათ, რომ დაცვაზე უარი პოლიტიკური ნების არქონის გამო მიიღეს.   

"საქართველოს ხელისუფლების მოქმედებები თბილისი პრაიდთან დაკავშირებით ადამიანის უფლებების მხრივ ცალსახად უკან გადადგმული ნაბიჯი იყო. აშკარაა, რომ მმართველი გუნდი ლგბტ აქტივისტებისა და მხარდამჭერების მიერ თბილისში ხანმოკლე მშვიდობიანი აქციის გამართვის დაშვებას თავისთვის პოლიტიკურად წამგებიანად აღიქვამს, ხელისუფლებამ დაგვანახა, რომ საქართველოში ადამიანის ფუნდამენტური უფლებები დაცული არ არის და არც მისი დაცვის პოლიტიკური ნება არსებობს."- წერია განცხადებაში.

როგორც "თბილისი პრაიდის" განცხადებაში ვკითხულობთ, ბოლო თვეების განმავლობაში გაიზარდა ლგბტ ხილვადობა და "საქართველოს ხელისუფლების წინაშე მწვავედ დაისვა რამდენიმე პოლიტიკური რეფორმის აუცილებლობის საკითხი."

პრაიდი საქმიანობის უწყვეტად გაგრძელებას გეგმავს და არაერთი პოლიტიკური, კულტურული სოციალური ღონისძიების განხორციელებას აანონსებს.  

ღირსების მარში 13-23 ივნისს, LGBT კვირეულის ფარგლებში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ვიზიტის და 20 ივნისის აქციის დარბევის შემდეგ დაწყებული აქციების გამო, ღონისძიება დროებით გადაიდო. 

ინფორმაცია, რომ მარში დღეს გაიმართებოდა, 7 ივლისს გახდა ცნობილი, თუმცა, მალევე, პრორუსულმა ძალადობრივმა ჯგუფებმა "მობილიზაცია გამოაცხადეს" და Tbilisi Pride-ს აქტივისტების და მხარდამჭერების "ქამრებით გათრევა" დააანონსეს. ამის შემდეგ, შსს-მ პრაიდის ორგანიზატორებთან კონტაქტი შეწყვიტა. იმის გამო, რომ სამინისტრო ღირსების მარშის უსაფრთხოებას არ უზრუნველყოფდა, ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, აქცია შსს-სთან გაემართათ და სისტემა გაეპროტესტებინათ.

ძალადობრივმა დაჯგუფებებმა აქციის ჩატარების ადგილი და დრო შეიტყვეს, რის გამოც, თბილისი პრაიდმა ღონისძიების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შემდეგ, პროპუტინური დაჯგუფებებმა პარლამენტთან გადაინაცვლეს - ისინი ახლა ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორებს არ აძლევენ მიტინგის ჩატარების შესაძლებლობას.

კომენტარები