თბილისი პრაიდი

"დღემდე ვერ ხერხდება ძალადობის პრევენცია" - ლომჯარია თბილისი პრაიდის წარმომადგენლებს შეხვდა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია თბილისი პრაიდის წარმომადგენლებს შეხვდა. ომბუდსმენის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, სამართალდამცავი უწყება დღემდე ვერ ახერხებს რადიკალურად განწყობილი ჯგუფების მხრიდან ძალადობის პრევენციას. 

"ძალადობრივი ინციდენტები ამ დრომდე გრძელდება, რაც ხელს უშლის ორგანიზაციის საქმიანობას. ბოლო დროს, ლგბტ+ უფლებადამცველების მიმართ განხორციელებული შევიწროების და მუქარის ფაქტები ერთგვარი ილუსტრაციაა იმისა, რომ უფლებების შეზღუდვისას, კერძო პირებთან მიმართებაში, უმეტეს შემთხვევაში, სახელმწიფო ეფექტურ რეაგირებას ვერ ახდენს. შედეგად, ქვეყანაში კვლავ მაღალია გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის ნიშნით ლგბტ+ პირების მიმართ ძალადობის ფაქტები." - წერია ომბუდსმენის განცხადებაში.  

ლომჯარიას განცხადების მიხედვით, 2020 წლის მაისის შემდეგ რადიკალურად განწყობილი ჯგუფები აზიანებენ პრაიდის ოფისს, ესვრიან მას კვერცხებს, ასევე, იყო დროშის მოპარვის ფაქტიც. ოფისის შესასვლელთან პერიოდულად იმართება შეკრებები, რომელზეც ისმის სიძულვილის ენა, პრაიდის აქტივისტების მიმართ ხშირია სიტყვიერი შეურაცხყოფა და მუქარა.

"ამ განგრძობით ძალადობას უარყოფითი გავლენა აქვს როგორც „თბილისი პრაიდის“ თანამშრომლებზე, აქტივისტებსა და უფლებადამცველებზე, ისე, ზოგადად, ლგბტ+ თემის წევრებზე, ქვიარ ადამიანებსა და მათ უფლებრივ მდგომარეობაზე. "თბილისი პრაიდის" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს სტრესის ქვეშ ამყოფებს ორგანიზაციის თანამშრომლებს, ხელს უშლის მათ მუშაობაში, აღრმავებს ქვიარ ადამიანების მიმართ არსებულ ზიზღს, სტიგმას და ახალისებს ლგბტ+ თემის მიმართ ძალადობას." - ვკითხულობთ განცხადებაში. 

სახალხო დამცველის ინფორმაციით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამართალდამცავი უწყებების მიერ მსგავსი შემთხვევების პრევენცია, უფლებადამცველების მიმართ მუქარის და ძალადობის ფაქტების და მათგან მომდინარე რისკების სწორად შეფასება და ეფექტური რეაგირება.  

გუშინ, 2 სექტემბერს, შინაგან საქმეთა სამინსტრომ თბილისი პრაიდის ოფისზე განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. შსს-ს ცნობით, თბილისი პრაიდის ოფისზე თავდასხმის შემთხვევბიდან სამზე გამოძიება გრძელდება, ხოლო ერთზე ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრა ერთ ადამიანს.

კომენტარები