თბილისი პრაიდი

3 მიმდინარე გამოძიება, 1 ჯარიმა – შსს თბილისი პრაიდის ოფისზე უკანონო ქმედებების შესახებ

შინაგან საქმეთა სამინსტრო თბილისი პრაიდის ოფისზე განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. შსს-ს ცნობით, თბილისი პრაიდის ოფსზე თავდასხმის შემთხვევბიდან სამზე გამოძიება გრძელდება, ხოლო ერთზე ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრა ერთ პირს.

შსს-ს ცნობით, თბილისი პრაიდის ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე ნებისმიერი სახის პროტესტის გამოხატვის მიზნით მოქალაქეების შეკრებისას პოლიციის თანამშრომლების მხრიდან გაძლიერებულად ხორციელდება მართლწესრიგის და უსაფრთხოების დაცვა პატრულირების გზით.

განცხადებაში ლაპარაკია 2020 წლის 26 მაისს თბილისი პრაიდის ოფისიდან დროშის ქურდობის ფაქტზე. შსს-ს ცნობით, ამ ფაქტზე გამოძიება ჯერ კიდევ გრძელდება.

"დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესაბამისი უწყებებიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია, გამოიკითხნენ სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მქონე პირები. გამოძიება გრძელდება". – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე ავრცელებს ინფორმაციას 2020 წლის 7ივნისს თბილისი პრაიდის ოფისის აივანზე განთავსებული დროშის და აღნიშნული ოფისის კედლის შესაძლო შავი საღებავით და კვერცხებით დასვრის ფაქტზე. მათივე ცნობით, დადგინდა სავარაუდო სამართალდამრღვევთა ვინაობა. ისინი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ ოთხი პირი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის.

მათგან სამი პირი გათავისუფლდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და გამოეცხადა სიტყვიერი შენიშვნა, ხოლო ერთ პირს დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი – ჯარიმა, 500 ლარის ოდენობით.

უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ 2020 წლის 21-22 ივლისს, აღნიშნულ ოფისზე კვლავ განხორციელდა
კანონსაწინააღმდეგო ქმედებები. საღებავებიანი კვერცხებით დასვარეს თბილისი პრაიდის ოფისის აივანზე არსებული დროშა და შენობის სადარბაზოში ისროლეს კვერცხები.

"დადგინდა სავარაუდო სამართალდამრღვევთა ვინაობა და მათ მიმართ შედგენილ იქნა სამართალდარღვევის ოქმები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის შესაძლო ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით. ადმინისტრაციული სამართალწარმოების მასალები გადაგზავნილია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში". – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

განცხადებაში ასევე მოხსენიებულია 2020 წლის 3 აგვისტოს შემთხვევა, როდესაც თბილისი პრაიდის ოფისის აივანზე არსებული დროშა საღებავებიანი კვერცხებით დასვარეს. 

"დადგინდა სავარაუდო სამართალდამრღვევთა ვინაობა. ადმინისტრაციული სამართალწარმოების მასალები გადაგზავნილია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში". – ამბობენ უწყებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების მიხედვით, დისკრიმინაციული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა და მსხვერპლზე ორიენტირებული გამოძიების უზრუნველყოფა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია.

კომენტარები