არჩევნები 2020

წერეთელი: პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა საპროტესტო საზოგადოების მნიშვნელოვანი მიღწევაა

ფრაქცია "ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის" თავმჯდომარის, გიგი წერეთლის თქმით, პროპორციული არჩევნებზე გადასვლა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი და იმ საპროტესტო საზოგადოების მიღწევაა, რომელიც 10 დღეზე მეტია, პარლამენტის წინ დგას. 

მისივე თქმით, პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის საკითხი დიდი ხანია, დღის წესრიგში დგას, თუმცა, ხელისუფლება ამას ჯიუტად უარყოფდა. 

"საბოლოო ჯამში, ჩვენ ვნახეთ, რომ მიუხედავად ხელმოწერებისა და სხვადასხვა საპარლამენტო აქტივობებისა ოპოზიციის მხრიდან, ამ საკითხმა მაინც 2024 წლამდე გადაიწია. დღეს, მთელი საზოგადოების ზეწოლის შედეგად, იძულებულნი გახდნენ, რომ ეს გადაწყვეტილება მიეღოთ.

რა თქმა უნდა, ნულოვანი თუ ბუნებრივი ბარიერით პროპორციულ სისტემას თავისი ნაკლოვანებები აქვს და ამაზე აუცილებლად მსჯელობა უნდა გაგრძელდეს, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ეს ნამდვილად გაცილებით ჯობს და შეუდარებლად უკეთესია ვიდრე არსებული მაჟორიტარული სისტემა, რომლის პირობებშიც, როგორც ჩვენ ვნახეთ ამ წლების განმავლობაში, ხელისუფლებამ მოიგო ყველა არჩევნები, ყველა ოლქი. პრაქტიკულად, გამოიყენა ყველა საშუალება, რაც მის ხელში იყო, შესაბამისად მოახდინა მაჟორიტარული სისტემის დისკრედიტაცია, რაც შესაძლებელია სამართლიან გარემოში სრულიადაც არ იყოს ასეთი კრიტიკის საგანი.

მაგრამ თუკი არ იქნება მკაფიო წესები, არ იქნება მაქსიმალურად ლიმიტირებული ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, არაუფლებამოსილი პირების, კრიმინალური სამყაროს და სხვა ჩართვა ასეთ პროცესებში, ფინანსური გამჭვირვალობა, საარჩევნო ადმინისტრაციების მიუკერძოებლობა და ყველანაირი მანიპულაციების მინიმუმამდე დაყვანა, რა თქმა უნდა, ნებისმიერ სისტემაში შესაძლებელია არჩევნების დისკრედიტაცია და მით უმეტეს ხელისუფლების მხრიდან მათ ხელთ არსებული ბერკეტების ბოროტად გამოყენება", - ამბობს წერეთელი. 

მისი თქმით, აუცილებელია, ამ საკითხზე საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ეუთოსთან, ვენეციის კომისიასთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციები უმოკლეს დროში დაიწყოს. ასევე, გიგი წერეთლის თქმით, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პროცესი უნდა წარიმართოს ისე, რომ მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული ამ გადაწყვეტილების რისკები და საფრთხეები.

ბიძინა ივანიშვილმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ 24 ივნისს განაცხადა. მმართველმა გუნდმა ეს გადაწყვეტილება საპროტესტო აქციების შემდეგ მიიღო. 

20 ივნისის აქციის დარბევის შემდეგ, პროტესტის მე-11 დღეს აქციის მონაწილეები გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ. პროტესტის დაწყებისას მათ სამი მოთხოვნა ჰქონდათ: პროპორციული საარჩევნო სისტემა 2020 წელს, 20 ივნისის ღამეს ყველა დაპატიმრებული მოქალაქის გათავისუფლება და გახარიას გადადგომა. შეუსრულებელი მხოლოდ ეს უკანასკნელია. 

ქართულმა ოცნებამ ასევე დააანონსა, რომ "პროპორციული არჩევნები 2020"-ის პრეზენტაციას 1-ლ ივლისს გამართავს.

კომენტარები