კორუფცია

TI: პრობლემაა კორუფციაზე რეაგირება, თუ მთავრობას ან "ოცნებასთან" დაკავშირებულ ადამიანს ეხება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევის მიხედვით, საქართველოს წვრილმანი კორუფციის აღმოფხვრის მხრივ მიღწეული პროგრესის შენარჩუნებას ახერხებს, თუმცა ვერ ხერხდება მდგომარეობის გაუმჯობესება მაღალი დონის კორუფციასთან ბრძოლის სფეროში.

"განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე მაღალი თანამდებობის პირებს ან მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ გავლენიან პირებს ეხება. ეს ტენდენცია იმაზე მიუთითებს, რომ მმართველი პარტია არაჯეროვან გავლენას ფლობს ამ ინსტიტუტებზე და რომ ეს ინსტიტუტები არ სარგებლობენ სათანადო ავტონომიით", - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტი მიმოიხილავს საქართველოში კორუფციის მხრივ არსებულ მდგომარეობას იმ ვალდებულებების ფონზე, რომლებიც ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის ფარგლებში იკისრა.

TI-ში ამბობენ, რომ 2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგის დამტკიცებიდან წელიწადნახევარია გასული და საინტერესო და მნიშვნელოვანია იმის განხილვა, თუ რა ნაბიჯები გადადგა საქართველომ ამ პრიორიტეტების განხორციელებისთვის და რამდენად მიუახლოვდა ასოცირების დღის წესრიგით დადგენილ საბოლოო მიზნებს.

"საერთაშორისო გამჭვირვალობის" კორუფციის აღქმის ინდექსში, რომელიც, TI-ის თქმით, ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო ანტიკორუფციული რეიტინგია, საქართველოს 2017 წელს 100-დან 56 ქულა ჰქონდა, ხოლო 2018 წელს ეს მაჩვენებელი 58 ქულამდე გაიზარდა.

თუმცა, ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ორქულიანი მატება უმნიშვნელოდ მიიჩნევა და მდგომარეობის არსებით ცვლილებაზე არ მიუთითებს.

"საქართველო არ არის იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც ბოლო წლებში მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწიეს რეიტინგში. მეტიც, "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ინდექსის 2018 წლის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მიუხედავად გადაუდებელი აუცილებლობისა, რომ გამოძიებულ იქნეს მთავრობის წევრთა კორუფციაში მონაწილეობისა და სხვა დარღვევების შემთხვევები, საქართველომ ვერ შექმნა დამოუკიდებელი უწყებები, რომლებიც ამ ფუნქციას იკისრებდნენ", - აღნიშნულია კვლევაში.

TI-ში განმარტავენ, რომ ამ რეიტინგში ნებისმიერი ქვეყნის ქულა სხვა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევების საფუძველზე მიღებული საშუალო ქულაა.

გარდა ამისა, ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, კორუფციის მხრივ საქართველოში მდგომარეობა არ იცვლება ან უარესობისკენ იცვლება საზოგადოებრივი გამოკითხვების თანახმადაც.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" დაკვეთით 2019 წლის თებერვალ-მარტში
ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 36% ფიქრობს, რომ
გავრცელებულია საჯარო მოხელეების მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენება პირადი
მიზნების მისაღწევად". ეს მაჩვენებელი 2018 წელს ჩატარებული ანალოგიური გამოკითხვის შედეგების იდენტურია", - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

მათივე თქმით, ორივე წლის გამოკითხვები დადებით მდგომარეობაზე მიუთითებს წვრილმანი კორუფციის სიხშირის თვალსაზრისით, თუმცა 2019 წელს გამოკითხულთა 51% ფიქრობს, რომ კორუფციის შემთხვევების სათანადოდ გამოძიება არ ხდება, როდესაც საქმე მაღალი თანამდებობის პირებს ან მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ გავლენიან ადამიანებს ეხება და მხოლოდ 27% ფიქრობს, რომ ასეთ საქმეებს სათანადოდ იძიებენ.

TI ეყრდნობა კიდევ ერთ კვლევას, - NDI-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებს. 2018 წლის კვლევის თანახმად, 34% ფიქრობს, რომ საქართველოში კორუფციის მხრივ მდგომარეობა არ იცვლება, ხოლო 34% მიიჩნევს, რომ მდგომარეობა უარესდება და მხოლოდ 15% მიიჩნევს, რომ მდგომარეობა უმჯობესდება. იმავე კვლევის მიხედვით, რესპონდენტების 50% ფიქრობს, რომ საქართველოში კორუფცია გავრცელებული ან ძალიან გავრცელებულია, ხოლო 21% მიიჩნევს, რომ კორუფცია ნაკლებად არის გავრცელებული ან საერთოდ არ არის გავრცელებული.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ანგარიშში საუბრობს კორუფციის შესაძლო შემთხვევებზე რეაგირებაზეც.

"ბოლო პერიოდში გახმაურებული კორუფციის რამდენიმე შესაძლო შემთხვევა საფუძველს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ სამართალდამცავი ინსტიტუტები არ რეაგირებენ ეფექტურად ასეთ შემთხვევებზე, თუ საქმე მაღალი თანამდებობის პირების ან მმართველი პარტიისა და მასთან დაკავშირებული გავლენიანი ადამიანების ინტერესებს ეხება", - აღნიშნავენ TI-ში.

​ამასთან, ორგანიზაცია ასახელებს ბოლო პერიოდში გახმაურებულ რამდენიმე შემთხვევას, როცა შესაძლოა ადგილი ჰქონდა მაღალი თანამდებობის პირებისა და პოლიტიკოსების მონაწილეობას კორუფციაში:

  • ე.წ. "ომეგას" საქმე - სკანდალი, რომელსაც სათავე 2018 წლის სექტემბერში ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის განცხადებებმა და გასაჯაროებულმა ფარულმა აუდიო ჩანაწერებმა დაუდო. გამოქვეყნებული მასალების თანახმად, ადგილი ჰქონდა გარიგებას კერძო კომპანიებს, ხელისუფლების სხვადასხვა ინსტიტუტის წარმომადგენლებსა და მმართველი პარტიის ხელმძღვანელობასთან დაკავშირებულ გავლენიან პირებს შორის, რომელიც გულისხმობდა თანამდებობის პირთა ძალაუფლების გამოყენებას თამბაქოს ბაზარზე ხსენებული კომპანიებისთვის დომინანტი პოზიციის უზრუნველყოფის მიზნით. ამის შედეგად გენერირებული შემოსავლები კი განაწილდებოდა კომპანიებსა და მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ ჯგუფს შორის. მასალებში ნახსენები იყო ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილის, კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელ ნოდარ ხადურის, ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძის და მმართველი პარტიის ლიდერ ბიძინა ივანიშვილის სახელები;
  • ჟურნალისტური გამოძიება მაღალი თანამდებობის პირების (მათ შორის პარლამენტის წევრების, მინისტრების და მოსამართლეების) ძვირადღირებული ქონების შესახებ;
  • ამომრჩეველთა მოსყიდვა და საარჩევნო კამპანიების დაფინანსების მარეგულირებელი კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის მრავალი შემთხვევა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, რომელთა ბენეფიციარი მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი იყო და რომლებიც ქმედითი რეაგირების გარეშე დარჩა;
  • თიბისი ბანკის დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძის განცხადება, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში ხელისუფლება აიძულებდა მას გადაედგა ნაბიჯები მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ.
  • ჟურნალისტური გამოძიება იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძის საეჭვო გამდიდრებასთან დაკავშირებით;
  • ჟურნალისტური გამოძიება ყოფილ ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილის საეჭვო და არადეკლარირებული ქონების შესახებ;
  • პროკურატურის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირის, მირზა სუბელიანის საქმე, რომელიც გახმაურებული მკვლელობის საქმეში გამოძიებისთვის ხელის შეშლაში იქნა მხილებული, მაგრამ შედარებით მსუბუქი სასჯელი მიიღო - შესაძლოა, მმართველი პარტიისთვის სხვა შემთხვევებში გაწეული სამსახურის გამო;
  • სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა, რომლის თანახმად ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებულ კომპანიას საეჭვო ვითარებაში გადაეცა სახელმწიფო ქონება (დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ ფარცხალაძე ფიზიკურად გაუსწორდა გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიას).

გარდა ამისა, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ანგარიშში მითითებულია, რომ ბოლო წლებში ტენდენციის სახე მიიღო შემთხვევებმა, როცა რეაგირების გარეშე რჩება ინფორმაცია თანამდებობის პირების მიერ იმ სამართლებრივი ნორმების შესაძლო დარღვევების შესახებ, რომლებიც კორუფციისა და ინტერესთა შეუთავსებლობის პრევენციას ემსახურება.

"ასეთი შემთხვევები მოიცავს თანამდებობის პირთა მიერ საეჭვო საჩუქრების მიღებას, უკანონო პოლიტიკურ და საარჩევნო შემოწირულობებს, უკანონო მონაწილეობას სამეწარმეო საქმიანობაში და ქონებისა და ბიზნესთან კავშირების არასრულ დეკლარირებას", - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

მათივე თქმით, ეს შემთხვევები იმაზე მიუთითებს, რომ შესაბამის ინსტიტუტებს უჭირთ კორუფციის შემთხვევებზე ეფექტურად რეაგირება მაშინ, როდესაც საქმე მაღალი თანამდებობის პირებს და მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ გავლენიან ადამიანებს ეხება.

"ამასთან, პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის მარეგულირებელი კანონმდებლობის გაუმჯობესების მიუხედავად, საპარლამენტო უმრავლესობა კვლავაც არ ავლენს შესაბამისი უფლებამოსილებების ეფექტურად გამოყენების პოლიტიკურ ნებას, რაც ცხადად გამოჩნდა თბილისში მომხდარი გახმაურებული მკვლელობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის საბოლოო დასკვნის განხილვისას, ასევე პარლამენტში თიბისი ბანკთან დაკავშირებული ზემოხსენებული საქმის შესახებ გამართული დისკუსიის დროს", - აღნიშნულია TI-ის ანგარიშში.

ორგანიზაციის თქმით, კორუფციასთან ბრძოლაში პროგრესი სისტემურ რეფორმებს მოითხოვს, კერძოდ:

  • დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ინსტიტუტის შექმნას, რომელიც იმუშავებს გამჭვირვალედ და მაქსიმალურად იქნება დაცული პარტიული გავლენისგან;
  • საპარლამენტო არჩევნების სისტემის შეცვლას და სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას, რაც ხელს შეუწყობს პოლიტიკური პლურალიზმის გაძლიერებას, შეამცირებს ძალაუფლების კონცენტრაციას ერთი პოლიტიკური პარტიის ხელში და უზრუნველყოფს პროფესიონალური და რეალურად დამოუკიდებელი საჯარო ინსტიტუტების (მათ შორის ინსტიტუტების) ფორმირებას.

ორგანიზაციის სხვა რეკომენდაციები და სრული კვლევა იხილეთ აქ.

კომენტარები